საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი ნიკა მელიასთვის პარლამენტის მიერ იმუნიტეტის შეჩერებაზე კომენტარს საკუთარ Twitter-ზე აკეთებს.
"საქართველოს თან სდევს ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი". - წერს ის.
"პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პარლამენტის შეკრებას, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს. მთავრობამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, წაადგება თუ არა ეს ამ მიზნის მიღწევას".
პროკურატურამ მელიას დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს, 16 თებერვალს მიმართა. მანამდე პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა - 88 მომხრე, 2 წინააღმდეგი
საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც ის ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა."
პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.





