დუეინ ჯონსონი

დუეინ ჯონსონი: ხალხი თუ ისურვებს პრეზიდენტობისთვის კენჭს ვიყრი

Screen Rent

ახლო წარსულში ყოფილი რესლერისა და მსახიობის, დუეინ ჯონსონის ცხოვრების მიხედვით გადაღებული სიტკომი Young Rock გამოვიდა. კომედიურ სერიალში რამდენჯერმე გაიჟღერა ხუმრობამ - "დუეინ ჯონსონი ისეთი პოპულარულია, რომ 2032 წელს ამერიკის პრეზიდენტი გახდება".

გარდა ამისა, 2017 წელს, ელენის შოუში მიწვეულმა ჯონსონმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე კენჭის ყრას სერიოზულად ფიქრობს.

გამოცემა USA Today-თან ინტერვიუში მსახიობმა პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი თავის წარდგენის იდეაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა.

"თუ მომავალში მივხვდი, რომ ხალხს სურს ჩემი პრეზიდენტობა, აუცილებლად ვიყრი კენჭს. ამას სერიოზულად ვამბობ, ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ. ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული, ამ ეტაპზე ვიცდი და ვისმენ მათ აზრს". – ამბობს მსახიობი.

ჯონსონმა კარიერა, როგორც რესლინგის მებრძოლმა დაიწყო, რინგზე მას მეტსახელ The Rock-ით იცნობდნენ. საბრძოლო კარიერის დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო ფილმებში თამაში და მალევე მძაფრსიუჟეტიანი ბლოკბასტერების ვარსკვლავი გახდა. 2020 წელს გამოცემა Forbes-მა ჯონსონი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დაასახელა. 

წლების განმავლობაში ჯონსონი პოლიტიკაზე ღიად არ საუბრობდა, თუმცა 2020 წელს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს საჯაროდ დაუჭირა მხარი.

კომენტარები