სელმა ჰაიეკი

სელმა ჰაიეკი: ანტონიო ბანდერსათან სექსის სცენის გადაღებისას ვტიროდი

Pop Sugar

სელმა ჰაიეკი პოდკასტ Armchair Expert-ს ესტუმრა და Desperado-ს გადაღებები გაიხსენა. მსახიობის თქმით, ყველაზე ძნელი აღმოჩნდა მუშაობა სექსის სცენაზე, რომელშიც მისი პარტნიორი ანტონიო ბანდერასი იყო.

"იმ ცნობილი სცენის გადაღებისას გაუჩერებლად ვტიროდი. დამწყები მსახიობი ვიყავი და მსგავს გულახდილ სცენაში პირველად მომიწია თამაში, გარდა ამისა ანტონიოსი ძალიან მეშინოდა, ახლა კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ მაშინ საერთოდ არ ვიცნობდი, მისი თავდაჯერებულობა მაოგნებდა, მას სექსის სცენაში მონაწილეობა არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა. უნდა აღვნიშნო, რომ რეჟისორმა, რობერტ როდრიგესმა ჩემი კომფორტისთვის ყველაფერი გააკეთა, გადაღების დროს ოთახში მხოლოდ ოთხნი ვიყავით, პაუზების გაკეთების საშუალება მქონდა. რობერტიც და ანტონიოც მაქსიმალურად მამშვიდებდნენ. როგორც კი კამერა ჩაირთვებოდა ჯერ საშინელი სირცხვილის გრძნობა მეუფლებოდა, მერე კი ტირილს ვიწყებდი. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ გამუდმებით ძმაზე და მამაზე ვფიქრობდი, არ ვიცოდი, რა რეაქცია ექნებოდათ ჩემს სიშიშვლეზე. კაცები ამას ვერ მიხვდებით, მსგავს სცენაზე ბიჭის მამა მეგობრებს სიამაყით ეტყოდა - "ეს ჩემი ვაჟკაცია".– იხსენებს მსახიობი.

რობერტ როდრიგესის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, Desperado ეკრანებზე 1995 წელს გამოვიდა და მალევე საკულტოს სტატუსი მოიპოვა. ბანდერასს ევროპაში დაწყებული ათწლიანი კინოკარიერა უმაგრებდა ზურგს, ხოლო ჰაიეკისთვის ეს ერთერთი პირველი როლი იყო.

კომენტარები