ეგვიპტე

ეგვიპტეში აღმოაჩინეს ლუდსახარში, რომელიც, სავარაუდოდ, 5000 წლისაა

ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროში განაცხადეს, რომ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, 5000 წლის ლუდსახარში, რომლითაც შეეძლოთ ათასობით ლიტრი ლუდის წარმოება ძველი ეგვიპტის ქალაქ აბიდოსში

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ადგილი, სავარაუდოდ, მეფე ნარმერის მეფობის დროით თარიღდება, ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დაახლოებით, 3100 წლით.

სამინისტროს განცხადებით "ითვლება, რომ ეს არის მსოფლიოში უძველესი მაღალი წარმოების ლუდსახარში".

ეგვიპტურ-ამერიკული მისიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელის, მეთიუ ადამსის თქმით, სავარაუდოა, რომ ლუდს იყენებდნენ სამეფო დაკრძალვის რიტუალების დროს.

ლუდსახარში, რომლის  მოცულობა 22 400 ლიტრია , დაყოფილი იყო რვა ნაწილად, რომელთაგანაც თითოეულში იდგა 40 თიხის ჭურჭელი, რომლებსაც იყენებდნენ მარცვლეულისა და წყლის ნარევების გასათბობად.

ოფიციალურ პირებს სურთ, ახლად აღმოჩენილი არტეფაქტები საზოგადოებას წარუდგინონ. მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ეგვიპტის ტურიზმის ინდუსტრიამ დიდი დარტყმა მიიღო, ეგვიპტეში ცდილობენ ვიზიტორები მოიზიდონ.

გასულ წელს ეგვიპტეს მხოლოდ 3.5 მილიონი ადამიანი ესტუმრა, 2019 წელთან შედარებით თითქმის 10 მილიონით ნაკლები.

აღსანიშნავია, რომ 2 თებერვალს ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს ინფორმაციით, არქეოლოგებმა ეგვიპტის ჩრდილოეთში აღმოაჩინეს 2000 წლის მუმიები, რომლებსაც პირის ღრუში ოქროს ენები აქვთ მოთავსებული.

კომენტარები