აშშ

ბაიდენის ადმინისტრაცია: საგარეო და საშინაო სირთულეების წინაშე – დევიდ კრამერის სტატია

აშშ

ბაიდენის ადმინისტრაცია: საგარეო და საშინაო სირთულეების წინაშე – დევიდ კრამერის სტატია

"ბაიდენის ადმინისტრაცია: საგარეო და საშინაო სირთულეების წინაშე" – ასე ეწოდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დევიდ კრამერის ახალ პუბლიკაციას, რომელიც მან სპეციალურად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისთვის დაწერა. 

5-გვერდიან პუბლიკაციაში დევიდ კრამერი მიმოიხილავს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია დგას. პოლიტიკური მიმომხილველის შეფასებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა ხვდება. 

"სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხების რიცხვზე მეტყველებს 100-ზე მეტი საპრეზიდენტო ბრძანებისა და დირექტივის დაუყოვნებელი ხელმოწერა. მათ შორის იყო პანდემიასთან ბრძოლის საკითხები, მუსლიმთა შეერთებულ შტატებში დაშვების გაუქმება, მექსიკის საზღვარზე დაწყებული კედლის მშენებლობის შეჩერება, პარიზის კლიმატის შეთანხმებაში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნება. ამ ინიციატივათა დიდი ნაწილი საარჩევნო კამპანიისას გაცემული დაპირებების შესრულებაა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების გაუქმებაა"

დევიდ კრამერის შეფასებით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არსად წასულა და ის ახლა სოციალური მედიის პლატფორმებიდან გაუჩინარების მიუხედავად, ფლორიდიდან ინარჩუნებს იმ მნიშვნელოვან გავლენას, რომელიც მან რესპუბლიკურ პარტიაზე დაამყარა. პოლიტიკურ მიმომხილველს მიაჩნია, რომ ყოფილ პრეზიდენტთან ღია დაპირისპირებას ძალიან ცოტა რესპუბლიკელი კონგრესმენი გაბედავს. 

"ტრამპის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატის 10-მა რესპუბლიკელმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამ გამბედაობის გამო პოლიტიკური ფასის გადახდა მათ დაუყოვნებლივ მოუწიათ: ახლა მათ გადადგომას მათივე თანაპარტიელები ითხოვენ. ეს წარმომადგენელთა პალატის მიერ ინიცირებული ტრამპის მეორე იმპიჩმენტია. პირველად კონგრესის ქვედა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება 2020 წელს, უკრაინის მთავრობაზე ზეწოლის გამო გადაწყვიტა. კიევზე წნეხის მიზანი საარჩევნო კამპანიისას ჯო ბაიდენის მაკომპრომატირებელი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება იყო.

მეორე იმპიჩმენტის ინიცირება 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში და მის გარშემო დატრიალებული მოვლენების წაქეზებამ გამოიწვია". – წერს დევიდ კრამერი. 

პოლიტიკური მიმომხილველი ვარაუდობს, რომ სენატი ტრამპის იმპიჩმენტს ვერ განახორციელებს, ვინაიდან მათ ამისთვის 17 რესპუბლიკელი სენატორის ხმა დასჭირდებათ. კრამერი იხსენებს პირველი იმპიჩმენტის შემთხვევას, რომლის დროსაც ამას მხოლოდ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა, მიტ რომნიმ დაუჭირა მხარი და პროგნოზირებს, რომ უკიდურესად დაბალია ალბათობა, ამჯერად 17 რესპუბლიკელი სენატორის ხმა მიიღონ. 

დევიდ კრამერი დადებითად ახასიათებს ბაიდენის მიერ შეკრებილ გუნდს და წერს, რომ ისინი დაუყონებლივ უნდა ჩაერთონ მუშაობაში, ვინაიდან შეერთებული შტატების შიდა პრობლემების მოგვარებას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს და ამ დროს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არ შენელდება. ამიტომაც, პოლიტიკური მიმომხილველის შეფასებით, ჯო ბაიდენმა შიდა პოლიტიკისა და საგარეო პოლიტიკის საკითხები პარალელურად უნდა გადაწყვიტოს. 

"ბაიდენს უყვარს გამეორება, რომ შეერთებული შტატების ლიდერობა არა უბრალოდ მის ძალას, არამედ მისი მაგალითის ძალას უნდა ეფუძნებოდეს. დღეს, როგორც არასდროს, ლიდერის ეს პოზიცია, კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეჭვგარეშეა, რომ ბოლო რამდენიმე წლის დინამიკამ, რომელიც განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეში გამძაფრდა და 6 იანვარს კაპიტოლიუმის ცნობილი მოვლენებით დასრულდა, შეერთებული შტატების პრესტიჟსა და გავლენას დიდი ზიანი მიაყენა"

ტრანსატლანტიკური ურთიერთობები

ცალკე თავში დევიდ კრამერი ვრცლად საუბრობს იმ საგარეო გამოწვევების წინაშე, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის წინაშე დგას და წერს, რომ ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეერთებული შტატების შელახული რეპუტაციით იწყებს. 

პოლიტიკური მიმომხილველი საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს მიერ 11 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი – მათ შორის ბრიტანელთა 81%, გერმანელთა 71% და ფრანგების 66% – ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემა "სრულად" ან "ნაწილობრივ" დაზიანებულია. ამავე გამოკითხვის მიხედვით, 10 გამოკითხულიდან 6 მიიჩნევს, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩინეთი შეერთებულ შტატებზე ძლიერი იქნება. 

"ევროკავშირის და ევროპული ქვეყნების მთავრობების ბოლოდროინდელი ქცევა მიგვანიშნებს, რომ ისინი წარსული შეცდომების აღიარებას, პირველ რიგში, შეერთებული შტატებისგან ელიან.

ურთიერთობა დათმობებს ორივე მხარისგან მოითხოვს. ვაშინგტონთან ურთიერთობის გამოსასწორებლად ძალისხმევა ევროპელებმაც უნდა გასწიონ. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი მოვლენები ოპტიმისტურ მოლოდინს არ აჩენს. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა 2020 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მიღწეული შეთანხმებაა, რომელიც ნათლად მიანიშნებს ევროპელების მიერ პეკინთან ურთიერთობაში პრინციპულ პოზიციაზე უარის თქმას". – წერს დევიდ კრამერი. 

ერთერთ ასეთ მოვლენად ანალიტიკოსს 2020 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მიღწეული შეთანხმება მოჰყავს, რომელიც მისივე შეფასებით, ნათლად მიანიშნებს ევროპელების მიერ პეკინთან ურთიერთობაში პრინციპულ პოზიციაზე უარის თქმას. 

"უიღურების წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისა და ჰონგ-კონგელთა რეპრესიების ფონზე ევროკავშირმა ადამიანთა უფლებების ნაცვლად უპირატესობა კომერციული ინტერესების დაცვას მიანიჭა. ევროკავშირის მეგობრული ჟესტების პარალელურად პეკინი კატეგორიულ უარს ამბობს კორონავირუსის წარმოშობის გამოძიებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებაზე, ემუქრება ტაივანსა და სხვა მეზობელ ქვეყნებს. შემაშფოთებელია ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, მზაობა, მიიღონ ჰუავეის 5G ქსელი მათ ტერიტორიაზე და ამით შეერთებული შტატების პრინციპული პოზიციის უგულებელყოფა". – წერს დევიდ კრამერი. 

პოლიტიკური მიმომხილველის შეფასებით, "ევროპელები მძიმედ ცდებიან", თუ ჰგონიათ, რომ პეკინის მიმართ ხისტი პოზიციის დაკავება მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება იყო. 

"ჩინეთის კომუნისტური პარტიის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებას დემოკრატიული პარტიის ბევრი წევრი ემხრობა. შესაბამისად, ჩინეთი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის ნეგატიური ფაქტორი მომავალშიც იქნება. ამჟამინდელი მიდგომით ევროპა ვაშინგტონთან ურთიერთობის გართულების რისკზე მიდის".

დევიდ კრამერი ყურადღებას ამახვილებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და თავდაცვის ბიუჯეტის საკითხებზე და იხსენებს NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ნათქვამს ვაშინგტონ პოსტთან ინტერვიუდან:

"ახლა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ნდობის აღდგენაა საჭირო. მე ევროპისა და ამერიკის ერთმანეთის გარეშე განვითარების არ მჯერა. მათ მხოლოდ ერთად ვხედავ. დასამალი არ არის, რომ დონალდ ტრამპთან მძიმე საუბრები გვქონდა რუსეთზე, შეიარაღებათა კონტროლზე, თავდაცვის ხარჯების გაზიარებაზე და სხვა საკითხებზე". 

როგორც კრამერი წერს, ამ სადავო საკითხების დიდი ნაწილი ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც შეინარჩუნებს სიმწვავეს. 

ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გართულების კიდევ ერთ ფაქტორად დევიდ კრამერს ევროკავშირის მიერ  მიერ ხუან გაიდოს ვენესუელის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარების გაუქმებაცაა. 

"დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნისადმი ასეთმა აგდებული და უპრინციპო დამოკიდებულება ვაშინგტონში ვნებათა ღელვას გამოიწვევს". – წერს დევიდ კრამერი. 

ანალიტიკოსი საუბრობს ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზეც და იხსენებს, რომ გასული წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამლვის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ გერმანიაში მერკელის მთავრობა მილსადენის პროექტს შეწყვეტდა, თუმცა ამაოდ. 

"მილსადენის დასრულების გადაწყვეტილებით გერმანიის მთავრობამ უთანხმოების კერა არა მარტო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, არამედ შეერთებული შტატების კონგრესის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და ევროპელების დიდ ნაწილთან შექმნა. ეს უთანხმოებები პუტინის რეჟიმისთვის გაკეთებული საჩუქარია.

ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე ევროპელთა რეაქციების პირველი ტალღა იმედისმომცემი იყო. ვითარება შეიცვალა შემდგომ ეტაპზე. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ანგელა მერკელი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეფ ბორელი კი მოსკოვში კონსულტაციებზე ჩადის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობას ყურადღება არავინ მიაქცია".

დევიდ კრამერი ხაზს უსვამს იმასაც, რომ საპრეზიდენტო ფუნქციების დაწყებიდან მეორე დღეს ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურებს საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევის, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილი ტერაქტებისთვის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწესებული ჯილდოებისა და ამერიკულ კომპიუტერულ სისტემებზე რუსული კიბერთავდასხმების საკითხების ხელმეორედ შესწავლა დაავალა.

"ბაიდენი ამ საკითხებს პუტინთან პირველ სატელეფონო საუბარშიც შეეხო და უკრაინის მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. ტრამპისთვის ჩვეულ შემრიგებლურ ტონთან კონტრასტი თვალშისაცემია. მოსკოვთან STARTის ხელშეკრულების განახლება ბაიდენის ადმინისტრაციის შეიარაღებათა კონტროლის პოლიტიკის ერთერთი პრიორიტეტია. ამ ინიციატივის ვაშინგტონის რუსეთისადმი პოზიციის შერბილების ნიშნად აღქმა ევროპელთა შეცდომა იქნება". – წერს დევიდ კრამერი. 

პოლიტიკური მიმომხილველი ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობაა, ვიხილოთ მოსკოვზე დაკისრებული სანქციების ახალი პაკეტიც, ამჯერად ნავალნის მკვლელობის მცდელობის გამო. როგორც დევიდ კრამერი წერს, ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი კრემლში ახალი მეგობრების შეძენას არ აპირებს. 

"რუსეთში პოლიტიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შეერთებული შტატები და ევროკავშირი პუტინის რეჟიმთან მიმართებით საერთო პოზიციით წარდგენენ". 

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

როგორც დევიდ კრამერი წერს, ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და ევროპის სხვა დედაქალაქებმა არ უნდა დაუთმონ მოედანი ავტორიტარულ რეჟიმებს, როდესაც საქმე "ნაკლებად უზრუნველყოფილი" ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო დახმარებას ეხება. ანალიტიკოსს საქართველო სწორედ ამ ქვეყნების რიგში შეჰყავს. 

"2020 წლის გაზაფხულზე ვირუსის პირველი ტალღის შედარებით მსუბუქად გადავლის შემდეგ, სავალალო შედეგები მოჰყვა ვირუსის მეორე ტალღას. მძიმე დარტყმა მიიღო საქართველოს ეკონომიკამ, ვითარების გამოსწორების ნიშნები ჯერ არსად ჩანს. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებულმა მნიშვნელოვანმა დარღვევებმა გამოიწვია. ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შედეგად მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტზე პრაქტიკულად სრული კონტროლი დაამყარა. დასავლეთი შეეცადა მედიატორის როლი ეთამაშა და მხარეებს შორის კომპრომისული შეთანხმებისთვის მიეღწია, წარუმატებლად დასრულდა. დაზიანდა საქართველოს რეპუტაცია, რომლის ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემა იყო.

მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის ევროპული პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივი მჭიდრო ურთიერთობა, საქართველოს მოსახლეობის ძლიერი პროამერიკული განწყობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უცვლელი ნება ასეთი მხარდაჭერისთვის საკმარისი მიზეზებია.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდი 2021 წლის თებერვალში გამოაქვეყნებენ მოხსენებას, რომელიც ამ სტატიის ავტორმა საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან, იან კელისთან ერთად დაწერა. მოხსენებაში გაეცნობით არგუმენტებს, რომლებიც ახალ ამერიკულ ადმინისტრაციას საქართველოსთვის მხარდაჭერის გაწევის აუცილებლობაში არწმუნებს. ამავე დროს, ავტორებს მოჰყავთ ის პირობებიც, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, რათა ასეთი მხარდაჭერა გააძლიეროს. ამჟამად შექმნილი რთული ვითარება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს". – წერს დევიდ კრამერი. 

კომენტარები