ნიკა მელიას საქმე

ელისაშვილი მელიაზე: მეგობრულად ვურჩევდი, გადაიხადოს, არ მინდა, ციხეში ვიხილო, არ მემეტება

ალექსანდრე ელისაშვილი/Facebook.com

"მე მეგობრულად ვურჩევდი ნიკას, რომ გადაიხადოს გირაოს თანხა". - ამბობს მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას.

"სულაც არ მინდა, ნიკა მელია ციხეში ვიხილო, არ მემეტება საპატიმროში მისი წასვლა, არ მინდა ამ სურათის ხილვა. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, მის მიმართ საქმე არის აშკარად შეკერილი და პოლიტიკურად მოტივირებული, ამის მიუხედავად, მეგობრულად მოვუწოდებდი, რომ გადაიხადოს და არ წავიდეს ციხეში. 

არ მგონია სწორი, რომ, აი, მე არ გადავიხდი თანხას და მოდით, დამიჭირეთ - კანონი არის კანონი. კანონის დარღვევის მაგალითი პოლიტიკურმა ლიდერმა არ უნდა მისცეს [...] არ მინდა, რომ დააკავონ და მინდა, რომ გადაიხადოს თანხა ან ვინმე სხვამ გადაუხადოს". - ამბობს ელისაშვილი. 

ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა ნიკა მელია მისთვის პოლიტპატიმარი, თუ დააკავებენ, ელისაშვილი არ პასუხობს და იმეორებს, რომ არ უნდა, ნიკა მელია დააკავონ და ურჩევს, გირაო გადაიხადოს. 

ერთკვირიანი ვადა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გირაოს გადასახდელად ნიკა მელიას მისცა, დღეს, 12 თებერვალს იწურება. იმ შემთხვევაში, თუ მელია გირაოს არ გადაიხდის, როგორც უწყების განცხადებაში წერია, სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და პატიმრობის შეფარდებაზე მიმართავენ.  

ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ნიკა მელია დაკისრებული გირაოს გადაიხდის. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ნიკა მელიამ, შესაძლოა, თავად არ გადაიხადოს გირაოს თანხა, მაგრამ "მისი მეგობრები" გადაიხდიან. მელიამ  საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს ბანკს მიმართა და თქვა, რომ, თუ საბანკო ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს თანხა დაიფარება, ეს მისი უფლებებისა და კანონის დარღვევა იქნება.

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.


20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები