ნიკა მელიას საქმე

POG: თუ ნიკა მელია გირაოს 1 კვირაში არ გადაიხდის, პატიმრობას მოვითხოვთ

ტაბულა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პირობების "შეუსრულებლობის შესახებ გაფრთხილების მიზნით" ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარე, ნიკა მელია დაიბარეს.  

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიამ გირაო, 40 000 ლარი განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა. უწყების ცნობით, მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიან ვადას მისცემენ და "განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე."

"2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ მასზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკისრებული - ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა, რამაც პრაქტიკულად გამორიცხა მის მიმართ კანონმდებლობით დაკისრებული, სამართლებრივად სათანადო ქცევის უზრუნველმყოფი გარანტიების არსებობა. შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობით მოთხოვნილ იქნა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს იმავე განჩინებით, ნიკანორ მელიას გირაოს გაზრდილი ოდენობის - 40 000 ლარის - გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს უზრუნველსაყოფად შეიტანოს როგორც ფულადი თანხა, ასევე - ამ თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონება. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც საკმარისია გირაოს უზრუნველსაყოფად, ასევე მის მიერვე 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, დეკემბერში გააჩნდა საკმარისი თანხა გირაოს უზრუნველსაყოფად, ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა და გირაოს თანხა - 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, არ გადაიხადა, ასევე არ უზრუნველყო გირაო თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც მას გირაოს თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა. ასევე განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე". - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურამ გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

"მთავარია, შენს თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც არ ვუღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია და ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს". – თქვა მაშინ ნიკა მელიამ.

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

კომენტარები