ნიკა მელიას საქმე

კალაძე მელიაზე: მასზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ თუ შევა ციხეში

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს გადახდა მოუწევს. კალაძის აზრით, მელიამ, შესაძლოა, თავად არ გადაიხადოს, მაგრამ "მისი მეგობრები" გირაოს გადაიხდიან.

"ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ არ გადაიხდის, თუმცა, ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები და დარწმუნებული ვარ, რომ გირაოს გადახდა მოხდება [...] თავის თავზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ თუ შევა ციხეში. არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს არავის დაჭერა არ გვიხარია". – ამბობს კალაძე.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყების განცხადებაში წერია, სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და პატიმრობის შეფარდებაზე მიმართავენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი პროკურატურაში არ გამოცხადდა და, მისივე თქმით, არც გირაოს გადახდას აპირებს.


20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

პროკურატურამ გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

კომენტარები