ნიკა მელიას საქმე

მელია BOG-ს: ანგარიშზე გირაოს გადახდა თუ მოხდება, ჩემი უფლებები შეილახება – გაითვალისწინეთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის პროკურატურის მიერ დაკისრებულ გირაოს არ გადაიხდის, რადგან საქმე "შეკერილია" და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული გირაოს გადახდა მისთვის მიუღებელია.

"დღეს მთელი დღის განმავლობაში, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და ამ პარტიაზე ორიენტირებულმა მედიამ პრაქტიკულად დარაჯობა დაუწყო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს და ეკითხებიან ერთ კითხვას, რომ არსებობს თითქოს ვინმე მითიური მოქალაქე, რომელიც ნიკა მელიას სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული გირაოს გადახდას არ ვაპირებ, რადგან ამ ყველაფრის გაკეთება ჩემი მხრიდან სირცხვილია და დანაშაულიც. საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილი". – ამბობს ნიკა მელია პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

ენმ-ის ლიდერმა განმარტა, რომ შეუძლებელია, ვინმე სხვამ გადაიხადოს გირაო, რადგან ამისთვის საჭიროა უნიკალური კოდი, რომელიც გენერალურ პროკურატურაში ინახება და რომელზე წვდომაც "ბრალდებულსა" ან მის ადვოკატს აქვთ. ნიკა მელიას თქმით, არც მას და არც მის ადვოკატს ეს კოდი პროკურატურიდან არ გამოუთხოვიათ, შესაბამისად, მის ნაცვლად გირაოს ვერავინ გადაიხდის.

ნიკა მელიამ პარტიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს ბანკს მიმართა და თქვა, რომ თუ საბანკო ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს თანხის დაფარვა მოხდება, ეს მისი უფლებებისა და კანონის დარღვევა იქნება.

"ეს ყველაფერი [უნიკალური კოდი] უცნობია ყველასთვის. ასევე, ანგარიში, რომელზეც თითქოს თანხის შეტანა უნდა მოხდეს, ეკუთვნის საქართველოს ბანკს და ამ ანგარიშზე ვერავინ შეიტანს თანხას, თუ არ ექნება ეს უნიკალური კოდი და მინდა მივმართო თხოვნით საქართველოს ბანკს, რომ, თუ მოხდება შესაბამის ანგარიშზე ჩემს სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა და მოგმართავთ თხოვნით, რომ ეს არა მარტო უფლებების, არამედ კანონის  დარღვევაცაა და ამის მონაწილე, იმედია, არ გახდება ჩემთვის პატივსაცემი საბანკო დაწესებულება – საქართველოს ბანკი". – აბობს ნიკა მელია.

ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ნიკა მელიასთვის დაკისრებული გირაოს გადახდა მოხდება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ნიკა მელიამ, შესაძლოა, თავად არ გადაიხადოს გირაოს თანხა, მაგრამ "მისი მეგობრები" გადაიხდიან.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყების განცხადებაში წერია, სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და პატიმრობის შეფარდებაზე მიმართავენ.


20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

პროკურატურამ გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

კომენტარები