დავითგარეჯის საქმე

მეუფე დავითი: სინოდმა დაადგინა, აზერბაიჯანთან საზღვარი 1937-38 წლების რუკით უნდა გაევლოს

reginfo.ge

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის თქმით, სინოდმა დაადგინა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვარი 1937-38 წლებში შემუშავებული 200 000-იანი რუკების საფუძველზე უნდა გაევლოს.

"სინოდმა იმსჯელა ამის თაობაზე [დავითგარეჯზე] და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე, დაბეჭდილი 200 000-იანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ მოაწერა შეთანხმებას ხელი". – თქვა მეუფე დავითმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში. 

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა 1936-38 წლებში გამოცემული 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის დამალვას ედავება. აზერბაიჯანთან 1996 წელს დადებული შეთანხმებით კი მხარეები სარგებლობენ 1938 წელს დამტკიცებული 1:500 000-იანი რუკით.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი წლის პირველი სხდომა გაიმართა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სინოდის სხდომაზე განხილული იყო დავითგარეჯის საქმეც.

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი  წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედება ედებათ. საინტერესო ის არის, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალში დავითგარეჯის მონაკვეთი საერთოდ არ ფიგურირებს, ვინაიდან ეს ტერიტორია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ამ დრომდე არ შეთანხმებულა და კვლავ განხილვის საგანს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების პროპაგანდა საკითხის სწორედ დავითგარეჯის კონტექსტში წარმოჩენას ცდილობს. 

4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაეხადათ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.

კომენტარები