ცენზურა ჩინეთში

ჩინეთში Clubhouse დაბლოკეს, სადაც რამდენიმე დღე პოლიტიკური თემების განხილვა შესაძლებელი იყო

ჩინეთში დაბლოკეს აპლიკაცია Clubhouse, სადაც რამდენიმე დღე ჩინელები პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობდნენ - 8 თებერვლიდან კონტინენტურ ჩინეთში მომხმარებლები აპლიკაციას ვეღარ იყენებენ.

კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეები VPN-ის (ვირტუალური პირადი ქსელის) გარეშე იყენებდნენ აპლიკაციას და აპლიკაციის ე.წ. ოთახებში, ჯგუფებში ტაივანელებთან, ჰონგ-კონგელებთან და უიღურების დიასპორასთან განიხილავდნენ ისეთ პოლიტიკურ საკითხებს, რაზეც ხმამაღლა საუბარს ჩინეთში ხშირად ცენზურა მოჰყვება. 

კონტინენტური ჩინეთიდან ბევრმა მომხმარებელმა ილაპარაკა სინძიანგის ბანაკებზე, ტაივანის დამოუკიდებლობაზე, ჰონგ-კონგის უშიშროების კანონზე. დისკუსიებში, ასევე, მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი ჩინელი დისიდენტი ხელოვანები, აი ვეივეი, ბატიუცაო და სხვები.

ზოგი მომხმარებელი კონტინენტურ ჩინეთში აპლიკაციის მომხმარებლებს ურჩევდა, პროფილის ფოტოდ მათი რეალური ფოტო არ გამოეყენებინათ, არ დაეკავშირებინათ Clubhouse-ის აპლიკაცია Twitter-თან, საჯაროდ არ ეთქვათ, რომელ VPN-ს გამოიყენებდნენ, რადგან არსებობდა შიშები, რომ, შესაძლოა, ჩინეთში მაღალჩინოსნები მათ საუბარს უსმენდნენ. ამის მიუხედავად, უსაფრთხოების რისკები არსებობდა, რადგან აპლიკაციაში დარეგისტრირება მხოლოდ მობილურის ნომრით არის შესაძლებელი. 

"ახლა, როდესაც Clubhouse დაბლოკეს, კვლავ დაბრუნდით ინტერნეტის პარალელურ სამყაროებში". – თქვა Human Rights Watch-ის მკვლევარმა, იაცოუ ვანგმა

Clubhouse-ის აპლიკაციაში გაწევრიანება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის რომელიმე მომხმარებელი ახალ წევრს მოიწვევს. მოსაწვევები ჩინეთის ელექტრონული გაყიდვების პლატფორმა Taobao-ზეც იყიდებოდა. 

სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ეს აპლიკაცია მხოლოდ iPhone-ის მომხმარებლებისთვისაა, რამდენიმე ოთახში, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული პირი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი კონტინენტური ჩინეთიდან იყვნენ და ეს მცირე რიცხვი არ შეიძლება გამოხატავდეს ჩინეთის მოსახლოებას. ამის მიუხედავად, აღნიშნავდნენ, რომ მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩინეთიდან პოლიტიკურ თემებზე საუბარი თავისუფლად შეეძლოთ. 

DW-ს ჟურნალისტი, ემლისა ჩანი, წერდა, რომ მომხმარებლები "იქცეოდნენ, როგორც გახარებული დასავლელი და აღმოსავლეთ ბერლინელები დანგრეულ კედელთან...".

აკრძალვის დღეს, 8 თებერვალს ჩინეთის პროპაგანდისტულ სიახლეების სააგენტოში დაწერეს, რომ "პლატფორმაზე პოლიტიკური თემები არ განიხილება ისე რაციონალურად, როგორც სხვა თემები, როგორიცაა ტექნოლოგია ან კულტურა".

Clubhouse 2020 წლის მარტში შეიქმნა, მაისში აპლიკაციას მხოლოდ 1500 მომხმარებელი ჰყავდა და მისი ღირებულება 100 მლნ დოლარი იყო. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ილონ მასკმა დააანონსა, რომ აპლიკაციით Robinhood-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ვლად ტენევთან, Clubhouse-ის აუდიო-ჩეთი აამოქმედა. 2021 წლის პირველი თებერვლის მონაცემებით, აპლიკაციაში 2 მილიონი ადამიანია გაწევრიანებული და მისი ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში დაბლოკილია უცხოური სოციალური ქსელების, ახალი ამბების ვებგვერდების დიდი ნაწილი. ჩინეთში უცხოელებს და ჩინელთა მცირე ნაწილს აკრძალულ ვებ-გვერდებზე შესვლა VPN-ის საშუალებით შეუძლიათ, თუმცა ჩინეთის კომუნისტური პარტია პერიოდულად სხვადახვა VPN-საც ბლოკავს, ზოგ შემთხვევაში კი მის მომხმარებელს სჯის.

კომენტარები