მსოფლიოში ვაქცინირებულთა რიცხვმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანების რიცხვმა გადააჭარბა მთელი პანდემიის განმავლობაში ინფიცირებული ადამიანების რიცხვს. ამის შესახებ ინფორმაციას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. 

ამავდროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიუთითებს, რომ ამ დროისათვის მსოფლიოში უკვე აცრილი სამი მეოთხედი, იმ 10 სახელმწიფოზე მოდის, რომლის წილიც გლობალურ მშპ-ში 60%-ს აღემატება. 

პარალელურად 130 ქვეყანაში, რომლებშიც ჯამურად 2.5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ჯერჯერობით არ აცრილა არცერთი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ქვეყნებს, რომლებმაც უკვე აცრეს სამედიცინო პერსონალი და ხანში შესული მოქალაქეები, მოუწოდებს, ვაქცინა სხვა სახელმწიფოებს გაუნაწილონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე მსოფლიოში სულ 102 მილიონი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 2.2 მილიონი ადამიანი. გამოცემა Bloomberg-ის სპეციალური პლატფორმის მონაცემებით მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 124.5 მილიონი ადამიანი აიცრა.

კომენტარები