ჯორჯ კლუნი

ჯორჯ კლუნი: პუტინის რეჟიმმა ნავალნი მოწამლა, აუცილებელია დამოუკიდებელი გამოძიება

People

ჰოლივუდის მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი ცოლი ამალ კლუნი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას გამოეხმაურნენ.

"ბატონი ნავალნი ამ დროისთვის ციხეში იმყოფება იმ ბრალდებაზე დაყრდნობით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "თვითნებურად და უსაფუძვლოდ" ცნო, რუსეთის სახელმწიფოს კი დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნავალნი მოწამლეს, ის სიკვდილს გადაურჩა, ყველა მტკიცებულება კი პუტინის რეჟიმის ბრალეულობას ადასტურებს. ეს არის დანაშაული, რომელიც დამოუკიდებელ გამოძიებას საჭიროებს, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ". – წერია ჯორჯ და ამალ კლუნების ერთობლივ განცხადებაში.

2016 წელს კლუნიმ ცოლთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაცია Clooney Foundation for Justice დააფუძნა, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ანგარიშებს აქვეყნებს. მსახიობის თქმით ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება რუსეთში მიმდინარე პროცესებს.

2 თებერვალს  ალექსეი ნავალნის, 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.  2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.

2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული".

 

კომენტარები