ეკონომიკა

რას ნიშნავს ეკონომიკის 6%-ით შემცირება და როგორ აისახა ეს მოსახლეობაზე

ეკონომიკა

რას ნიშნავს ეკონომიკის 6%-ით შემცირება და როგორ აისახა ეს მოსახლეობაზე

გასულ კვირას საქსტატმა 2020 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით, ხოლო საშუალო წლიური მაჩვენებლით ქვეყნის მშპ 6.1%-ით შემცირდა. რას ნიშნავს ამგვარი კლება ქვეყნის ეკონომიკისთვის და როგორ აისახა ეკონომიკური კრიზისი მოსახლეობაზე?

განახლდა:

თვალსაჩინოებისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ამაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა ბოლოს 26 წლის წინ, 1994 წელს დაზარალდა, მაშინ ქვეყნის ეკონომიკა 10.4%-ით შემცირდა. ეკონომიკური კლება თითქმის ორჯერ ნაკლები იყო 2009 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიისა და გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, მაშინ საქართველოს ეკონომიკა 3.6%-ით შემცირდა. 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • 1991 წელი – -21.1%;
  • 1992 წელი – -44.%;
  • 1993 წელი – -29.3%;
  • 1994 წელი – -10.4%;
  • 1995 წელი – 2.6%;
  • 1996 წელი – 11.2%
  • 1997 წელი – 10.5%;
  • 1998 წლი – 3.1%;
  • 1999 წელი – 2.8%;
  • 2000 წელი – 1.8%;
  • 2001 წელი – 4.8%;
  • 2002 წელი – 5.4%;
  • 2003 წელი – 11%;
  • 2004 წელი – 5.7%;
  • 2005 წელი – 11%;
  • 2006 წელი – 9.4%;
  • 2007 წელი – 12.5%;
  • 2008 წელი – 2.4%;
  • 2009 წელი – 3.6%;
  • 2010 წელი – 6.2%;
  • 2011 წელი – 7.4%;
  • 2012 წელი – 6.3%;
  • 2013 წელი – -3.6%;
  • 2014 წელი – 4.4%;
  • 2015 წელი – 3%;
  • 2016 წელი – 2.9%;
  • 2017 წელი – 4.8%;
  • 2018 წელი – 4.8%;
  • 2019 წელი – 4.9%;
  • 2020 წელი  – -6.1%

კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს 4.5 %-იან ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებდნენ. უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი მთავრობა, 4%-იან შემცირებას ვარაუდობდა, სწორედ ამ ნიშნულზე დაიგეგმა საგანგებო ბიუჯეტი. იმის ფონზე, რომ მთავრობამ საზღვრების გახსნა გადაიფიქრა, წლის მეორე ნახევარში  შესაძლო ზიანის პროგნოზი მშპ-ს 5%-მდე გაზარდა.

თუმცა, ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და ნოემბერში არჩევნების შემდეგ მთავრობის მხრიდან ხელახლა მასშტაბური შეზღუდვების დაწესებამ პოტენციური კლების მაჩვენებელი კიდევ დაახლოებით, 1%-ით გაზარდა. 

უხეში ანგარიშით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკამ დაახლოებით 5 მილიარდი ლარი დაკარგა და 2018 წლის მოცულობას დაუბრუნდა. ეკონომიკური კრიზისის რეალური გავლენა დამანგრეველია მოსახლეობის ისედაც არასახარბიელო სოციალური და ფინანსური სტაბილურობისთვის, რაც უკეთ გამოჩნდება, თუ მდგომარეობას ეკონომიკის სექტორების მიხედვით განვიხილავთ. 

დაკარგული სამუშაო ადგილები და 525 000 მოქალაქე საარსებო შემწეობის იმედად

გასული წლის მხოლოდ 3 კვარტლის ჯამური მონაცემებით, სამსახური დაკარგა 137 000 ადამიანმა. მოსალოდნელია, რომ მეოთხე კვარტალში ხელახლა დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, თუმცა კონკრეტული რიცხვები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. რაც შეეხება უმუშევრობის სახელმწიფო 200-ლარიან კომპენსაციას, ის პანდემიის პირველი ტალღის დროს სულ 162 000-მა უნიკალურმა ბენეფიციარმა მიიღო. აქედან კომპენსაციას 6 თვის განმავლობაში სულ 70 130 ადამიანი იღებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, სულ ცოტა, 6 თვის განმავლობაში.

გაზაფხულზე ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია ქვეყანაში არსებული 820 000 თვითდასაქმებულიდან 248 817-მა მოქალაქემ მიიღო. მოსალოდნელია, რომ პროგრამის მეორე ეტაპზე, არეალის დავიწროების გამო, კიდევ უფრო ცოტა მოქალაქე მიიღებს და  მათი რიცხვი დაახლოებით, 120-125 000 ფარგლებში იქნება.

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძირითადად საგარეო მოთხოვნით იყო განპირობებული. შესაბამისად, მარტის შემდეგ ჩაკეტილმა საჰაერო და სახმელეთო საზღვრებმა და ტურიზმიდან მიუღებელმა შემოსავალმა ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ბოლო წლების  განმავლობაში ტურიზმი ეროვნული შემოსავლის უმსხვილესი წყარო იყო.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩაკეტილი საზღვრების გამო ქვეყნის ეკონომიკამ დაკარგა 9-მილიონიანი ბაზარი საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების სახით. წინა წლებში ისინი აქ ხარჯავდნენ ფულს, ყიდულობდნენ სხვადასხვა პროდუქციასა და თუ სერვისს. ტურიზმის სექტორის კომბინირებული წილი, ქვეყნის მშპ-ში მომიჯნავე მომსახურებისა თუ სარესტორნო ბიზნესის ჩათვლით, დაახლოებით 25%-ს უტოლდება. დღევანდელ ვითარებაში ტურიზმის ინდუსტრია პრაქტიკულად აღარ არსებობს, რაც, ინდუსტრიის ზომიდან გამომდინარე, საყოველთაო ზარალს გულისხმობს, რომელიც ეკონომიკის თითქმის ყველა სხვა სექტორს შეეხება.

მთავრობის წევრების არაერთი დაპირების მიუხედავად, რომ საზღვრები ივლისიდან გაიხსნება და ტურიზმიც აღდგება, ქვეყანა კვლავაც ჩაკეტილია. ეს დრამატულად აისახა ეროვნულ შემოსავალზე – 2020 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ჯამურად 2.7 მილიარდი დოლარით შემცირდა. შედარებისთვის, ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენსაც ქვეყანა მიმდინარე წელს ჯანდაცვაზე და განათლებაზე, ერთად აღებული, დახარჯავს. თუ 2019 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 3.3 მილიარდი დოლარი მიიღო, 2020 წელს იგივე მაჩვენებელმა 540 მილიონი დოლარი შეადგინა. 

ტურისტული სექტორიდან მიღებული შემოსავლები ბოლო 2 წლის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2019 წლის, იანვარი – $164,5 მლნ;       2020 წელი – $193,4 მლნ;
  • 2019 წლის თებერვალი – $169,2 მლნ;  2020 წელი – $160.5 მლნ;
  • 2019 წლის მარტი – $244,7 მლნ;           2020 წელი – $73,8 მლნ;
  • 2019 წლის აპრილი – $267,2 მლნ;        2020 წელი – $8.5 მლნ; 
  • 2019 წლის მაისი – $270,4 მლნ;            2020 წელი – $9,1 მლნ;
  • 2019 წლის ივნისი – $340 მლნ;             2020 წელი – $11.2 მლნ;
  • 2019 წლის ივლისი – $395,4 მლნ;        2020 წელი – $12,1 მლნ;
  • 2019 წლის აგვისტო – $412,8 მლნ;       2020 წელი – $14.8 მლნ;
  • 2019 წლის სექტემბერი – $318,6 მლნ;  2020 წელი – $15,7 მლნ;
  • 2019 წლის ოქტომბერი – $266,8 მლნ;  2020 წელი – $15.2 მლნ;
  • 2019 წლის ნოემბერი – $201.7 მლნ;     2020 წელი – $11.9 მლნ;
  • 2019 წლის დეკემბერი – $217.2 მლნ,   2020 წელი – $14.5 მლნ;

ამგვარი დანაკარგი, ცხადია, პირდაპირ აისახა მასპინძლობის სფეროში დასაქმებულ ათასობით ადამიანზე, მათ შორის 1 100-მდე საშუალო ზომისა და 1 500-მდე საოჯახო ტიპის და ე.წ. გესტჰაუსებზე. შესაბამისად, მცირე და საშულო ბიზნესის სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე. შედარებისთვის, თუ შარშან განთავსებისა და კვების მიწოდების ობიექტებში ჯამურად 48 634 მოქალაქე იყო დასაქმებული, ბოლო მონაცემებით, მაჩვენებელი 31 039-მდე შემცირდა.

ამ ორ სფეროში დასაქმებულთა რიცხვი შემდეგნაირად იცვლებოდა:

  • 2016 წელი – 37 431 მოქალაქე;
  • 2017 წელი – 42 154 მოქალაქე;
  • 2018 წელი – 45 663 მოქალაქე;
  • 2019 წელი – 48 634 მოქალაქე;
  • 2020 წლის III კვარტალი – 31 039 მოქალაქე;

ამგვარად, მხოლოდ ამ ორ სექტორში უმუშევრად დარჩა 17 500 მოქალაქე. სავარაუდოა, რომ დარჩენილ ნაწილს შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. აქვე უნდა ითქვას, რომ საუბარია მხოლოდ იმ მონაცემებზე, რომელიც დაკვირვებადი ეკონომიკის ნაწილს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკა, სავარაუდოა, რომ ვითარება კიდევ უფრო დრამატულია.

მთავრობამ სექტორს გარკვეული შეღავათები დაუწესა, მათ შორის საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან გათავისუფლება და, ასევე, საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირება. მაგრამ ამ ზომების ეფექტი ძალიან უმნიშვნელოდ შეამცირებს იმ ზარალს, რაც სფეროს ჩაკეტილი საზღვრების პირობებში მიადგა. ამასვე ადასტურებს ის, რომ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით სარგებლობა მხოლოდ 713-მა განთავსების ობიექტმა შეძლო, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 27%-ია. ტურისტული ინდუსტრიისთვის გაცილებით უფრო მომგებიანი იქნებოდა მთავრობას დანაპირები, რომ შეესრულებინა და ქვეყნის საზღვრები პირველი ივლისიდან გაეხსნა. 

2020 წლის 3 კვარტლის მონაცემებით კლება ფიქსირდება შემდეგ სექტორებში:

  • ხელოვნება/გართობა, კლება –  14.6%, დასაქმებული იყო  – 29 900 მოქალაქე;
  • სასტუმრო/რესტორანი, კლება –  31.7%, დასაქმებული იყო –  48 800 მოქალაქე;
  • ტრანსპორტი/საწყობი, კლება –  20.3%, დასაქმებული იყო 82 000 მოქალაქე;
  • საცალო ვაჭრობა, კლება –  6.4%, დასაქმებული იყო – 195 900 მოქალაქე;
  • ადმინისტრაციული საქმე, კლება – 34.7%, დასაქმებული იყო 22 400 მოქალაქეა;
  • მშენებლობა, კლება – 7.4%, დასაქმებული იყო – 101 400 მოქალაქე;

ეს რიცხვები კიდევ უფრო დრამატულია იმ ფონზე, რომ საქართველოში სამუშაო ადგილები შემცირება ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო. 2016-2019 წლებში საქართველოში 45 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა უმუშევრობის რეალური მაჩვენებელი. 

ცხადია, ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი პირდაპირ აისახა მოქალაქეების შემოსავალზეც. შედეგად, 2020 წლის განმავლობაში 92 380-ით გაიზარდა სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი. თუკი 2020 წლის იანვარში საარსებო შემწეობას სულ 432 218 მოქალაქე იღებდა, უკვე დეკემბერში იმავე მაჩვენებელმა 524 598 შეადგინა. ეს ქვეყნის მოსახლეობის 14.1%-ს შეადგენს, გამოდის, რომ ქვეყნის ყოველი მეშვიდე მოქალაქე დეკლალირებულად სიღარიბის ზღვარს მიღმაა. 

ინვესტიციების 10-წლიანი მინიმუმი და საგარეო ვალის ისტორიული მაქსიმუმი

ტენდენცია, რომელიც 2018 წელს დაიწყო, 2020 წელსაც გაგრძელდა - საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა კვლავ შემცირდა. 2017 წელს საქართველოში 1.9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, უკვე  2018 წელს მაჩვენებელი 1.306 მილიარდ დოლარამდე, 30%-ით შემცირდა. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ინვესტიციები მხოლოდ 4 მილიონი დოლარით გაიზარდა და 1.310 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ეკონომიკის ჯამური ზრდის გათვალისწინებით შემცირებას ნიშნავდა. 

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2020 წლის 3 კვარტალში საქართველოში ინვესტიციების მოცულობა 227 მილიონი დოლარით შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყანაში სულ 719 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია, როგორც ნომინალურ, ასევე რეალურ გამოსახვაში [იგულისხმება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-ში]. კიდევ უფრო მნიშნველოვანია, რომ მცირდება პორტფელური ინვესტიციები, ამ ნაწილში კლება 792 მილიონ დოლარს აღემატება, შესაბამისად გამოდის, რომ მხოლოდ ინვესტიციების კუთხით ქვეყანამ 1 მილიარდი დოლარი იზარალა. უნდა ითქვას, რომ ეს არ არის სრული წლის მონაცემები და მხოლოდ 3 კვარტლის შედეგებია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლის პირველ 3 კვარტალში ბოლო 10 წლის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2010 წელი – $624 მილიონი;
  • 2011 წელი –  $804 მილიონი;
  • 2012 წელი –  $780 მილიონი;
  • 2013 წელი –  $787 მილიონი;
  • 2014 წელი – $1.3 მილიარდი;
  • 2015 წელი – $1.3 მილიარდი;
  • 2016 წელი –  $1.3 მილიარდი;
  • 2017 წელი – $1.4 მილიარდი;
  • 2018 წელი –  $1.1 მილიარდი;
  • 2019 წელი –  $946 მილიონი;
  • 2020 წელი $719 მილიონი;

ცხადია, შემცირებული ინვესტიციებისა და ფაქტობრივად განულებული ტურისტული შემოსავლის ფონზე, დამატებითი წნეხი წარმოიშვა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზეც. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს სებ-მა ვალუტის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 873 მილიონი დოლარი დახარჯა, ლარმა გაუფასურება განაგრძო. გასულ წელს ლარმა გაუფასურების რეკორდი რამდენიმეჯერ დაამყარა, საბოლოოდ კი დოლართან მიმართებით – 14.3%-ით, ხოლო ევროსთან მიმართებით 25.1%-ით გაუფასურდა. 

ეროვნული ვალუტის ამგვარი გაუფასურება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასების ზრდაზე, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს – მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანა უფრო მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის.

ინფლაციის, ანუ სამომხმარებლო ფასების ზრდის დონემ ნოემბერში წლიურად 3.8% შეადგინა, რაც, ერთი შეხედვით, არ არის მაღალი მაჩვენებელი და მიზნობრივს მცირედით ჩამორჩება, მაგრამ სურათი იცვლება, თუ ინფლაციის სტრუქტურას უფრო დეტალურად დავაკვირდებით.

საქმე ის არის, რომ ინფლაციის საზომად სამომხმარებლო კალათაში შემავალი 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ფასები გამოიყენება, აქედან რიგ სასაქონლო ჯგუფებში, რომლებიც პირველადი გამოყენების კატეგორიას არ განეკუთვნება, ინფლაცია ძალიან დაბალია. ეს კი დადებითად მოქმედებს ინფლაციის ჯამურ მაჩვენებელზე.

შესაბამისად, შედარებით დაბალი ჯამური მაჩვენებლის მიუხედავად, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, როგორიცაა სურსათი,  ფასები, შესაძლოა, მაინც მაღალი ტემპით იზრდებოდეს. სტატისტიკის მიხედვით, ეს სწორედ ასეა – სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად დაახლოებით, 6%-ით არის გაზრდილი. ფასების ზრდა სხვადასხვა ქვეჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ზეთი და ცხიმი – +23%;
  • თევზეული – +9%;
  • პური და პურპროდუქტები – +7.1%;
  • ხორცი და ხორცპროდუქტები – +3.7%;
  • ჩაი, კაკაო, ყავა – +12.2%;
  • რძე, ყველი, კვერცხი – +8%;

ამის პარალელურად, თითქმის 9%-ით არის გაზრდილი ფასები ჯანდაცვის მომსახურებაზე. ამ ყველაზე საბაზისო პროდუქტებზე ფასები საგრძნობლად უფრო მაღალი ტემპით იზრდება, ვიდრე ინფლაციის საშუალო დონე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონეც განუხრელად უარესდება.

გასულ წელს საქართველოს მთავრობამ კრიზისთან გასამკლავებლად 6.3 ლარის მოცულობის ახალი ვალი აიღო. შედეგად, ვალის მოცულობა კრიტიკულად მიუახლოვდა ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულ საკანონმდებლო ლიმიტს, მშპ-ს 60%-ის ოდენობით 

2021 წლის ბიუჯეტით, მთავრობა წელს კიდევ 5.2 მილიარდს ისესხებს. შედეგად წლის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა რეკორდულ, 32.1 მილიარდ ლარს გაუტოლდება. მოცემული 32.1 მილიარდი ლარიდან 27.7 მილიარდი ლარი - საგარეო ვალი, ხოლო 4.4 მილიარდი შიდა ვალი იქნება. აღნიშნული ვალი მომავალ წლებში კიდევ უფრო გაართულებს რაიმენაირი ტიპის საგადასახადო შეღავათებს და პირიქით, მთავრობის მიერ არაპირდაპირი გადასახადების გაზრდის რისკს წარმოშობს, როგორც ეს 2017 წელს, ყველა ტიპის აქციზის გაძვირების დროს მოხდა.

ვალის 60%-იან ნიშნული კრიტიკულად არ მიიჩნევა და ქვეყანას მანევრირების საშუალება რჩება, თუმცა ვითარება შეიძლება მალე შეიცვალოს - გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ვალის დაახლოებით, 80% საგარეო ვალზე მოდის, მოკლე დროში ლარის საგრძნობი გაუფასურება ვალის მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ბევრად გააუარესებს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს. მაგალითად, 2020 წელს ლარის გაუფასურების გამო სახელმწიფო ვალის მოცულობა 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა. უკვე გაზრდილი ვალის პირობებში, ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალი, შესაძლოა, არამდგრადი და უკონტროლო გახადოს. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ბიუჯეტის დეფიციტი 7.7%-ს გაუტოლდება, ამგვარი სალდო კი ზრდის წნეხს ლარის კურსზე და მოსალოდნელია შემდგომი გაუფასურება. ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი ეკონომიკური თავისუფლების აქტით დადგენილ საკანონმდებლო ლიმიტს, მშპ-ს 3%-ს, 2022 წელს უნდა ჩამოცდეს. 

პერსპერქტივები

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ფონზე, ეკონომიკური პერსპექტივები დღითიდღე უარესდება. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მთელი იანვრის განმავლობაში ქვეყანა პრაქტიკულად ჩაკეტილი იყო და შესაბამისად გაჩერებული იყო ეკონომიკური საქმიანობის უდიდესი ნაწილიც. მთავრობის გეგმის მიხედვით, თებერვალში ჩაკეტილი იქნება დედაქალაქიც, იმის გათვალისწინებით, რომ მშპ-ს თითქმის 80% თბილისში იქნება, ეს კიდევ უფრო აუარესებს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს მიმდინარე წლისთვის. თუ თებერვალში თბილისში არ მოიხსნა მასშტაბური შეზღუდვები, სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც შემცირდება. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო რთული მისაღწევი იქნება ეკონომიკის 4.3%-იანი ზრდაც. თავდაპირველად მთავრობა ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა მოგვიანებით პროგნოზი 0.7%-ით შეამცირა. 

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რეკორდული ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის მოცულობა არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება. შედარებისთვის, თუ მიმდინარე წელს ჯამურად შრომის ანაზღაურებაზე 1.55 მილიარდი ლარი დაიხარჯა, გაისად იგივე მაჩვენებელი 1.61 მილიარდს გაუტოლდება.

აღსანიშნავია, რომ ახალი ბიუჯეტის მიხედვით, დაფინანსება 8 სამინისტროს ეზრდება და მხოლოდ 2-ს – გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს უმცირდებათ. საჯარო სექტორის ხარჯებთან ერთად 25 მილიონი ლარით იზრდება ინოვაციების სააგენტოს ბიუჯეტი, ნახევარი მილიონი ლარით იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება. უცვლელად რჩება ფეხბურთის განვითარების პროგრამის დაფინანსება. სახელმწიფო ამ მიზნისთვის გაისად 37 მილიონ ლარს დახარჯავს.

დაუსაბუთებელია, მთავრობის ოპტიმიზმი ბიუჯეტში შემოსული გადასახადების მოცულობის ზრდასთან დაკავშირებით. მთავრობა გაისად ბიუჯეტში 11.1 მილიარდი ლარის შემოსავალს ვარაუდობს, საიდანაც 92%-ზე მეტი გადასახადებიდან უნდა შემოვიდეს. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ოპტიმისტური ვარაუდია, რადგანაც უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ამოღებული გადასახადების მოცულობა, დიდი ალბათობით, შემცირდება.

მაგალითად, 2021 წელს, საშემოსავლო გადასახადის სახით, მთავრობა 3.6 მილიარდი ლარის მიღებას გეგმავს, რაც 400 მილიონით მეტია, კრიზისამდელი 2019 წლის მაჩვენებელზე. მთავრობა 85 მილიონი ლარით მეტის მიღებას გეგმავს მოგების გადასახადიდან, 1.2 მილიარდი ლარით მეტის ამოღებას გეგმავს მთავრობა დღგ-ს გადასახადიდანაც, 52 მილიონი ლარით იზრდება აქციზის გადასახადიდან ამოსაღები თანხის მოცულობაც.

მიმდინარე პერიოდში საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადიდან მიღებული შემოსავლები მცირდება. შემცირებული და რიგ შემთხვევაში გაჩერებული ბიზნესი რამდენად შეძლებს მომავალში განვითარებას, ძნელი სათქმელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლებიც დიდი ხანია გაჩერებულები არიან, საუბარია კაფეებზე, რესტორნებზე, მცირე სავაჭრო ობიექტებზე, რომელთა დიდი ნაწილიც გაკოტრების ზღვარზეა.

სურათს კიდევ უფრო ამძიმებს ვაქცინაციის დაგვიანებაც. გამოცემა Bloomberg-ის გლობალური ვაქცინაციის სპეციალური პლატფორმის მონაცემებით, საქართველოს ამ დროისთვის ვაქცინის მხოლოდ 186 000 დოზა აქვს შეძენილი, რაც მოსახლეობის მხოლოდ 5%-ის ასაცრელად იქნება საჭირო. საუბარია უკვე ხელმოწერილ კონტრაქტებზე, რომლებიც ე.წ. ოფციური კონტრაქტებია, რაც შეკვეთის გაზრდის შესაძლებლობას გულისხმობს, თუმცა ვაქცინის წარმოებაში გამოვლენილი გლობალური პრობლემების გამო ახალი დიდი დოზების შეძენა საკმაოდ რთული იქნება. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წელს მთავრობა მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას გეგმავს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ვისგან, როდის და რა ფასად შეიძენს მთავრობა გეგმის განსახორციელებლად საჭირო რაოდენობის ვაქცინას. ამაზე მეტყველებს ვაქცინაციის გეგმის დაუზუსტებელი ბიუჯეტიც, რომელიც 54 მილიონიდან 158 მილიონ ლარამდე მერყეობს, რადგანაც უცნობია, რომელი მწარმოებლისგან რა რაოდენობისა და ღირებულების ვაქცინას შეიძენს საქართველო. 

გამოცემა The Economist-ის პროგნოზით, განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა და მათ შორის საქართველო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საჭირო რაოდენობის ვაქცინების შეძენას 2022 წლამდე ვერ შეძლებს. მასობრივი ვაქცინაციის გარეშე შენარჩუნდება სხვადასხვა სახის შეზღუდვების საჭიროებაც, რაც ასევე გაზრდის ეკონომიკურ პრობლემებს. გასათვალისწინებელია, ასევე კოვიდ-19-ის შესაძლო მუტაციაც და უფრო რთული შტამების გამოჩენის რისკიც. 

ამ ფონზე, კვლავ თითქმის შეუძლებელია ტურიზმისა და აქედან მიღებული შემოსავლის სრული აღდგენა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა 2019 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 2024 წელს გაუტოლდება. სწრაფი ვაქცინაციის გარეშე მოსალოდნელია, რომ ეს თარიღი კიდევ უფრო გადაიწევს. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ სებ-ის მხრიდან სავალუტო ინტერვენციების საჭიროება 2021 წლის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება. მართლაც, მხოლოდ იანვარს, ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის, რეზერვებიდან 80 მილიონი დოლარი გაყიდა, ეს აჩვენებს დამატებით წნეხს, რაც ეროვნულ ვალუტაზე წელსაც შენარჩუნდება. 

რეკორდულად გაზრდილი ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის ფონზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას სერიოზული საფრთხე ექმნება. მაღალი ვალის მქონე ქვეყნების სიაში გადასვლა გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შანსებს. ამ ფაქტორების ფონზე, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისამდელ მოცულობას 2022 წლამდე ვერ დაიბრუნებს, ეს კი ათასობით ადამიანის გაღარიბებასა და კიდევ უფრო მეტის სიღარიბეში დარჩენას ნიშნავს.

 

კომენტარები