გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.7 მილიარდი დოლარით შემცირდა

Reuters

გასულ, 2020 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ქვეყანაში 2.7 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის დოკუმენტიდან ხდება ცნობილი. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, დეკემბერში ტურიზმიდან ქვეყანამ ჯამურად  14.5 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 94%-ით ჩამოუვარდება. ამგვარად, 2020 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან სულ 541.7 მილიონი დოლარი მიიღო. 

შედარებისთვის, 2019 წელს იგივე მაჩვენებელი თითქმის 3.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, კლება 2.7 მილიარდ დოლარს აღემატება, ეს თანხა კი 2019 წლის ნომინალური მშს-ს 15%-ს აღემატება. ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმი საქართველოს ეროვნული შემოსავლის უმსხვილეს წყაროდ ჩამოყალიბდა. 

პანდემიის პირველი ტალღის დროს მთავრობის წევრები და მათ შორის პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებდნენ, რომ ქვეყანა ტურისტებისთვის პირველი ივლისიდან გაიხსნებოდა და საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც საზღვრებს გახსნიდა. ამ განცხადებების და მოლოდინების საპირისპიროდ რეგულარული ფრენების შეზღუდვის გაუქმება მთავრობამ 5 თვით გადადო, ცხადია, გართულებული რჩებოდა სახმელეთო მიმოსვლაც. 

ტურისტული სექტორიდან მიღებული შემოსავლები ბოლო 2 წლის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2019 წლის, იანვარი – $164,5 მლნ;  2020 წელი – $193,4 მლნ;
  • 2019 წლის თებერვალი – $169,2 მლ 2020 წელი – $160.5 მლნ;
  • 2019 წლის მარტი – $244,7 მლნ;    2020 წელი – $73,8 მლნ;
  • 2019 წლის აპრილი – $267,2 მლნ;   2020 წელი – $8.5 მლნ; 
  • 2019 წლის მაისი – $270,4 მლნ;      2020 წელი – $9,1 მლნ;
  • 2019 წლის ივნისი – $340 მლნ;      2020 წელი – $11.2 მლნ;
  • 2019 წლის ივლისი – $395,4 მლნ;   2020 წელი – $12,1 მლნ;
  • 2019 წლის აგვისტო – $412,8 მლნ;  2020 წელი – $14.8 მლნ;
  • 2019 წლის სექტემბერი – $318,6 მლნ; 2020 წელი – $15,7 მლნ;
  • 2019 წლის ოქტომბერი – $266,8 მლნ; 2020 წელი – $15.2 მლნ;
  • 2019 წლის ნოემბერი – $201.7 მლნ; 2020 წელი – $11.9 მლნ;
  • 2019 წლის დეკემბერი – $217.2 მლნ, 2020 წელი – $14.5 მლნ;

კომენტარები