ახალი კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

ათთვიანი კომიდან გამოსვლის შემდეგ თინეიჯერმა პანდემიის შესახებ არაფერი იცის

Guardian

სტაფორდშაირის მაცხოვრებელს, 19 წლის ჯოზეფ ფლავილს 2020 წლის 1 მარტს, ბრიტანეთის ტერიტორიაზე პანდემიის გამოცხადებამდე 3 კვირით ადრე, მანქანა დაეჯახა. 

თინეიჯერმა კომაში 10 თვე გაატარა. გამოღვიძებულმა ახალგაზრდამ კორონავირუსის პანდემიის შესახებ არაფერი იცის. იქიდან გამომდინარე რომ ფლავილის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, ოჯახის წევრები მიმდინარე მოვლენების შესახებ ამ ეტაპზე არაფერს ეუბნებიან.

"პანდემიის შესახებ არაფერი იცის, მან 10 თვე ძილში გაატარა. მას აღქმის უნარი ნელ-ნელა უბრუნდება. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვუთხრა. ერთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა პანდემიის შესახებ, ალბათ არ დავიჯერებდი. როდესაც პალატაში გაიღვიძა, ვერ მიხვდა, სად იყო, გაუკვირდა ტელეფონით რომ ვესაუბრეთ, საშვების აღების შემდეგ პირადად მოვინახულებთ და ნელ-ნელა ვეცდებით, ავუხსნათ, თუ რა ხდება მსოფლიოში". –ამბობს თინეიჯერის დეიდა, სალი ფლავილ სმიტი.

ექიმების თქმით, ლესტერის საავადმყოფოს პაციენტის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება, ის ამოძრავებს კიდურებს, ასრულებს მარტივ ფიზიკურ დავალებებს და თვალის დახამხამებით ეკონტაქტება გარშემომყოფებს. სრულ რეაბილიტაციამდე ფლავილს დიდი გზა აქვს გასავლელი.

ოჯახის წევრების თქმით, პანდემიის დროს კომაში მყოფ ფლავილს კორონავირუსი ორჯერ დაემართა, საბედნიეროდ, თინეიჯერმა ვირუსი ორივე ჯერზე დაამარცხა.

წყარო: The Guardian

კომენტარები