დავითგარეჯის საქმე

კობახიძე მეუფე იაკობზე: ბოღმისგან სკდებიან კარტოგრაფები რომ გამოუშვეს, მრევლის დაგეშვა სურთ

ბასილ კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ქადაგებას ეხმიანება, სადაც მან დავითგარეჯის საქმეზე ვრცლად ისაუბრა და ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა

"დღეს ეს ნაძირალა მეუფე იაკობი ამბიონიდან ემუქრება ივერი მელაშვილის ოჯახს და მხარდამჭერებს. მაგათ გამარჯობა არ უნდა ვუთხრათ ნამდვილმა ქართველებმაო, უნდა გავრიყოთ და წაეთრენ საქართველოდანო. მერე ბლატაობს, მეო ყველა ომში ნაომარი ვარო, ისე კი არააო. ბოღმისგან გულზე სკდებიან ეს აყროლებული მეუფე-მამაოები, კარტოგრაფები რომ ციხიდან გამოუშვეს და ახლა მრევლის დაგეშვა უნდათ, რომ იმათი ხელით დაგლიჯონ მელაშვილი, ილიჩოვა და მათი ოჯახის წევრები. ქრისტე ხომ ან ნაგვებმა მიისაკუთრეს, ახლა პატრიოტობის უმაღლესი ქურუმებიც ეგენი ყოფილან".- წერს ბასილ კობახიძე facebook-ზე

მეუფე იაკობმა ივერი მელაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ასეთ ადამიანს არაფერი უნდა, რომ გამოივლის ქუჩაში, გამარჯობაც არ უნდა უთხრა და გარიყო".

"ისეთი კაცი გვყავდა კომისიაში, რაც ბრძანა, ზოგი ცდილობს მის გამოყვანას. რაზე დაობთო, ის ხომ იმათიაო. აბა, წარმოიდგინეთ, რომ აზერბაიჯანში კომისიის წევრს მაგი გაეკეთებინა, სად იქნებოდა დღეს მისი ოჯახიც​".- თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა. 


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები