დავითგარეჯის საქმე

მეუფე იაკობი: წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანში იგივე გაეკეთებინა, სად იქნებოდა დღეს, მისი ოჯახიც

"ისეთი კაცი გვყავდა კომისიაში, რაც ბრძანა, ზოგი ცდილობს მის გამოყვანას. რაზე დაობთო, ის ხომ იმათიაო. აბა, წარმოიდგინეთ, რომ აზერბაიჯანში კომისიის წევრს მაგი გაეკეთებინა, სად იქნებოდა დღეს მისი ოჯახიც​". – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგებაზე ისაუბრა. 

ეპისკოპოსის თქმით, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე იმიტომ არ აკეთებდა კომენტარს, რომ ისინი ციხეში ისხდნენ. 

"მე რა დავინახე, გამოვიდა და ვიღაცას უთხრა, აი, ხომ მაგარი ტიპი ვარ, ვამბობ, რომ ეს ქართველების არ არის და აზერბაიჯანელების მიწაა. როგორ შეიძლება? მანამდე გმირად მიიჩნევდი რის გამო, ციხეში როა დაჭერილი? ციხეში ვის არ იჭერენ?! რომ გამოვიდა და ეს ჩაიდინა, იქნებ შეეშალა, ქართულად ვერ გამოთქვა. საერთოდ საოცარი კომისიაა რა, მეორე წევრია ქალბატონი და სახელმწიფო ენა არ ისწავლა. მარტო რუსული ენით გველაპარაკებოდა და შეიძლება? ასეთ საქმეს ვის ანდობ? ერთი, რომელიც განზრახ იძახის, რომ სხვისია ეს მიწა. ვინა ხარ, ვინ გეკითხება, წადი, დაეტიე სადაც ხარ. არავის უნდა ციხეში იყოს, მაგრამ გარეჯასთან სამივე ხელისუფლება უსუსური იყო და შიდა ერთმანეთის ჭამით რა გამოვა? ჩვენ წესიერად უნდა გადავწყვიტოთ აზერბაიჯანელებთან, თორე აქ ვის დაიჭერ და ვის არა, რაზე იჭერ კაცს, გეკითხა და გეუბნება, რომ იმისია. მაგის გამო იჭერ? შენ გყავს შეყვანილი კომისიაში". – ამბობს მეუფე იაკობი. 

მისივე თქმით, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია საქმის მოგვარება, ეკლესიას შეუძლია ისე, რომ "ორივე მხარე მადლობელი დარჩეს". ეპისკოპოსმა მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "აზერბაიჯენელები გვჯობიან". 

"წითელი კომისრის ძეგლი არ ააღებინეს მარნეულში, ჩვენიანიაო და შენ იმოდენა მიწას როგორ აძლევ, შენს ისტორიას როგორ აძლევ, როცა იქ ქართველი ბერების გარდა არავის უცხოვრია.. ვის რას აძლევ, ჯერ კარტოგრაფიც არ ხარ, მიწათმომწყობი ხარ, ვინც კარტოგრაფები არიან, კარგად იციან და ახლა რუსული რუკით რატომ მიწყვიტავ. ყოველთვის საქართველო იყო და დავილაპარაკებთ აზერბაიჯანი და ჩვენ. ჩვენსავით დოყლაპიები კი არ არიან, თავიანთი მიწების დაბრუნება რომ უნდათ, ხომ ხედავ რასაც შვებიან და შენ ვის რას აძლევ. მართლა, ეკლესიაში რომ ვართ, ის ხომ არ გგონია? ჩვენ კაცობაც ვიცით და ყველაფერი. თუ სადმე ომი ყოფილა, ყველგან ნაომარი ვარ მე და ჭკვიანად იყვნენ. ამით კი არ ვემუქრები, რა აქვთ გაკეთებული? მოდიან მარტო ფულს შოულობენ. ხელისუფლებაში მოვლენ და ფულის შოვნის გარდა არაფერს შვებიან და ტკბებიან სკამებით. ამიტომ ჩვენ ჩვენი დავიცვათ რა". – ამბობს მეუფე. 

მეუფე იაკობმა ივერი მელაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ასეთ ადამიანს არაფერი უნდა, რომ გამოივლის ქუჩაში გამარჯობაც არ უნდა უთხრა და გარიყო".

"ასეთი ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ, გასარიყები არიან, იმიტომ, რომ ერთიანი საქართველოს იდეას სპობენ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ხალხიც უნდა გაერთიანდეს და მასეთების ადგილი, ვინც არ შეინანებს, არ არის ჩვენს გვერდით. თავიანთ პატრონებთან წავიდნენ, ჩვენთან ნუ იქნებიან". – ამბობს ეპისკოპოსი.


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები