დავითგარეჯის საქმე

გომელაური მელაშვილი-ილიჩოვაზე: ყველა ადამიანი თანასწორია – თუ დააშავებს, პასუხი უნდა აგოს

ქართული ოცნება

"ყველა ადამიანი თანასწორია, თუ დააშავებს, პასუხი უნდა აგოს". - ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის უფროსზე, ივერი მელაშვილზე და წევრზე, ნატალია ილიჩოვაზე.

"რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პატიმრებს ამას არ დავაქმევდი. ყველა ადამიანი თანასწორია და, თუ დააშავებს, პასუხი უნდა აგოს, მინისტრი იქნება, პრემიერმინისტრი, რიგითი თანამშრომელი თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი.  

პროკურატურადმ რომ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ადამიანები პატიმრობაში უნდა წასულიყვნენ და დააკავეს, მათ მტკიცებულებები და საფუძველი ჰქონდათ. ახლა გადაწვიტეს, რომ გირაოთი შეცვლილიყო და გამოუშვეს. ალბათ იყო მტკიებულებების განადგურების საფრთხე, პროკურატურა იძიებს, მე არ ვიძიებ". - ამბობს გომელაური. 

დღეს, 28 იანვარს,  მელაშვილი და ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე დააყენა, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ.  დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თავდებობას ან "ადეკვატურ გირაოს" ითხოვდა, პროკურატურა კი - 30 000-ლარიან გირაოს, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას და დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებას. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.

ბრალდებულებმა გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

28 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის გარშემო გამოძიება ამოწურულია, ხოლო ბრალეულობა -  "მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით გამყარებული". პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, ამის გამო, საგამოძიებო უწყება მთავარ აქცენტს დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მიმართავს, ხოლო მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებას მოითხოვს.

კომენტარები