დავითგარეჯის საქმე

მელაშვილი: ნამდვილად პოლიტიკური ნიშნითაა ეს ყველაფერი, უსაზიზღრესი ბრალდებაა!

Tabula

"ბრალდებები თავიდან ბოლომდე აბსურდულია! უსაზიზღრესი ბრალდებაა! ნამდვილად პოლიტიკური ნიშნითაა ეს ყველაფერი". – ამბობს კარტოგრაფი ივერი მელაშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ.

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილმა წევრებმა, ივერი მელაშვილიმა და ნატალია ილიჩოვამ საპატიმრო დღეს, 28 იანვარს დატოვეს.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე დააყენა, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ.  დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თავდებობას ან "ადეკვატურ გირაოს" ითხოვდა, პროკურატურა კი - 30 000-ლარიან გირაოს, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას და დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებას. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

28 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის გარშემო გამოძიება ამოწურულია, ხოლო ბრალეულობა -  "მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით გამყარებული". პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, ამის გამო, საგამოძიებო უწყება მთავარ აქცენტს დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მიმართავს, ხოლო მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებას მოითხოვს.

კომენტარები