ტურიზმი

Wizzair: ქუთაისიდან ფრენების აღდგენის ზუსტი თარიღი არ ვიცით, ვეძებთ გზებს დასაბრუნებლად

WizzAir

"ჩვენ მთავრობასთან ერთად  ვეძებთ გზებს, რომ ბაზარს კვლავ დავუბრუნდეთ" -  ამის შესახებ თქვა Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრას რადომ Euronews Georgia-სთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ იციან, როდის აღადგენენ ქუთაისიდან ფრენებს.

„მართალია, პირველ თებერვალს საქართველოში რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებში კვლავ არსებობს მოგზაურობასთან დაკავშირებული უამრავი რეგულაცია. ამიტომ ფრენების განახლებას პირველი თებერვლიდან ვერ შევძლებთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ფრენები მალე აღდგეს,  თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ჩვენთვისაც უცნობია“ - ამბობს  რადო.

Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელის თქმით, "ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ფუნქციონირება და ქართველ მომხმარებელს, შეძლებისდაგვარად, ბევრი მიმართულებით შევთავაზოთ მოგზაურობა".

კომპანია არ გეგმავს, რომ მგზავრებს PCR-ტესტირების ან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვოს თვითმფრინავში ასვლამდე, თუმცა, შესაძლოა, ამ დოკუმანტაციის წარდგენა სავალდებულო იყოს კონკრეტულ ქვეყანაში.

ავიაკომპანია Wizzair-მა საქართველოდან ფრენები მარტის თვემდე გადადო, მათ შორის, რიგის და დორტმუნდის მიმართულებითაც.  ქუთაისი-რიგის რეისები ოქტომბერში რამდენიმე კვირით განახლდა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, Wizzair-მა რამდენიმე ფრენა დეკემბერ-იანვარში შეასრულა.

28 იანვრის მონაცემებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ფრენებს, მინიმუმ, მარტამდე არ განაახლებს. განრიგით, Wizzair-ი მარტის დასაწყისიდან აპირებს  რეისების შესრულებას ქუთაისი-რიგის და ქუთაისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე, ხოლო მარტის ბოლოდან -  დორტმუნდის, ვარშავის, ვენის, ლარნაკის, ათენის, ბუდაპეშტის და ვილნიუსის მიმართულებით.

რაც შეეხება პრაღის, ტალინის, ბერლინის, მემინგენის, თესალონიკის, რომის, მილანის, გდანსკის, კატოვიცეს, კრაკოვის, პოზნანის და ვროცლავის საჰაერო ხაზებს, განრიგით ქუთაისიდან ფრენები მაისის თვიდან შესრულდება. ეს 12 მიმართულება სავარაუდოდ მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც Wizzair-ი ქუთაისის აეროპორტში ბაზას დააბრუნებს.

რაც შეეხება Ryanair-ს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ნოემბრიდან მილანის მიმართულებით ფრენის უფლება მისცა, ავიაკომპანიას რეისები არ განუახლებია. მეტიც, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიის ბაზაში საქართველოს მიმართულებით არც ერთი რეისი არ იძებნება. თბილისი-მილანი, თბილისი-კიოლნი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელი - ამ ფრენებს ასრულებდა Ryanair-ი პანდემიამდე. 

საქართველოში საჰაერო ცა მაშინ დაიკეტა, როცა, ჯამში, კორონავირუსის 48 შემთხვევა იყო გამოვლენილი. აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა, მაშინ, როცა ევროპის ყველა ქვეყანამ საზღვრები გახსნა. აგვისტოში საქართველომ მხოლოდ სამ ქალაქში დანიშნა რეგულარული ფრენა, ჯამში, თვეში დაახლოებით 20 რეისი. სულ თვეში 50-60 ფრენა სრულდებოდა, რასაც მმართველი გუნდი "გახსნილ საზღვრებს" უწოდებდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთის და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეების და მუდმივი რეზიდენტების გარდა, საქართველოში შემოსული მგზავრი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდა. 

საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, Wizzair-ს და Ryanair-ს თვეების განმავლობაში არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. 

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

საქართველოს მთავრობამ ფრენების დამატების გარდა, სავალდებულო კარანტინის PCR ტესტის სანაცვლოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ნოემბრიდან კი, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა, მგზავრები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან, თუ მათ ტესტის პასუხი არ აქვთ, მაშინ თვითიზოლაციაში 12 დღე უნდა გაატარონ. 

კომენტარები