აშშ

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა შიდა ტერორიზმის საფრთხის ზრდაზე გაფრთხილება გამოსცა

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გაფრთხილება გამოსცა შიდა ტერორიზმის გაზრდილი საფრთხის გამო. განცხადების მიხედვით, გაზრდილია საფრთხე იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ნოემბრის არჩევნების შედეგები არ მოსწონს და კაპიტოლიუმის შენობაზე ტრამპის მხარდამჭერების თავდასხმამ, შესაძლოა, ეს პირები წააქეზოს.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ზოგიერთმა იდეოლოგიურად მოტივირებულმა, ძალადობისაკენ მიდრეკილმა ექსტრემისტმა, რომელიც მთავრობის მუშაობას და პრეზიდენტის შეცვლას ეწინააღმდეგება, შესაძლოა, გააგრძელოს მობილიზება და ძალადობისაკენ მოწოდება ან მისი ჩადენა". - ნათქვამია გაფრთხილებაში.

შიდა ძალადობრივი ექსტრემიზმის მოტივაციად უშიშროების დეპარტამენტი რამდენიმე საკითხს ასახელებს, მათ შორის არის კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, 2020 წლის არჩევნების შედეგები, რასობრივი და ეთნიკური დაძაბულობა და პოლიციის მიერ ძალის გამოყენება.

დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, აცნობონ მათ საეჭვო აქტივობების შესახებ და თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს.

6 იანვარს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივი სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა.

პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.

დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი სამართალდამცველი. კონგრესში შეჭრის ბრალდებით უკვე 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ. სენატში მისი სასამართლო პროცესი 8 თებერვლიდან დაიწყება.

კომენტარები