პენიტენციური დაწესებულებები

ლომჯარია: ე.წ. ციხის მაყურებლები ომბუდსმენის აპარატს ემუქრებიან და სიტყვიერად თავს ესხმიან

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე ე.წ. ციხის მაყურებლების მხრიდან სიტყვიერ თავდასხმებზე, მუქარასა და აგრესიაზე საუბრობს და კრიმინალური სუბკულტურის არსებობას უსვამს ხაზს.

"სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა. კერძოდ, როდესაც დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას". – თქვა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ცნობით, 2020 წლის 31 ოქტომბერს და შემდგომ, განმეორებით, 2021 წლის 14 იანვარს ქსნის N15 დაწესებულებაში, სადაც პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის თანამშრომლებს არ მისცა ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება. ომბუდსმენი აღნიშნულს განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევს იმ ფონზე, როდესაც N15 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი რამდენიმე დღის წინ კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა და არაერთი პატიმრის ოჯახის წევრმა მოგვმართა პატიმრების მონახულების თხოვნით. 2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 13 იანვარს გლდანის N8 დაწესებულებაში ერთი და იგივე პატიმარი დაემუქრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოთხოვა. N8 დაწესებულება დახურული ტიპის ციხეა და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდება ციხის კონკრეტულ ტერიტორიაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაწესებულებაში ვიზიტს ახორციელებდნენ.

ლომჯარიას თქმით, რუსთავის N17 დაწესებულებაში 2021 წლის 13 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, ვინაიდან ციხეში "ყველაფერი კარგად იყო".

"ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენაა ის, რომ, მაშინ როდესაც პატიმართა დაახლოებით ნახევარი სასჯელს ნახევრად ღია (N14, N15 და N17) დაწესებულებებში იხდის, წლიდან წლამდე მცირდება აღნიშნული დაწესებულებებიდან სახალხო დამცველთან შემოსული მომართვები და განცხადებები. მაგალითად, 2020 წელს პატიმრებისგან შემოსული 1384 განცხადებებიდან, მხოლოდ 57 იყო ზემოაღნიშნული სამი ციხის პატიმრების მიერ გამოგზავნილი. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენით პატიმართა უამრავი პრობლემა სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოდის და არ ხმაურდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენი პროაქტიული მუშაობა ნახევრად ღია დაწესებულებებში". – აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და შესაბამის უწყებებს, მიიღონ მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად. ომბუდსმენის ცნობით, აპარატმა უკვე მიმართა იუსტიციის მინისტრს პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენების შესახებ. 

"შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად. მივმართავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი; მივმართავ საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის გამოყენებით, შეისწავლოს აღნიშნული მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის; მივმართავ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე წარვადგინეთ წინადადება". – ამბობს ლომჯარია. 

ომბუდსმენის თქმით, აპარატი ასევე მიმართავს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს პრობლემის აღმოსაფხვრელად. 

კომენტარები