პენიტენციური დაწესებულებები

ლომჯარია: კვლავ შენარჩუნებულია პატიმრების სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა

პენიტენციური დაწესებულებების უმთავრესი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, რომლის მიზანიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებაა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2021 წლის ანგარიში წარადგინა.

ლომჯარიას ცნობით, პრობლემაა ასევე, პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით, ხანგრძლივად განთავსება. ომბუდსმენი ამბობს, რომ კვლავ შენარჩუნებულია შემოწმების მიზნით, პატიმრების სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა.

"არასათანადო მოპყრობის შემთხვევები გამოვლინდა პენიტენციურ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სფეროებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. არასათანადო მოპყრობას უტოლდება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული საცხოვრებელი და სამედიცინო პირობები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ფარგლებში, 2021 წელს ცნობილი გახდა არასათანადო მოპყრობის, დაკავებულის დამცირებისა და ღირსების შემლახავი მოქმედებები.

თავდაცვის სფეროში გრძელდებოდა სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა, გამოვლინდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რომლებიც ცნობილი იყო გენერალური ინსპექციისთვის, თუმცა, სახალხო დამცველის ოფიციალურ მიმართვამდე საქმე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ გადაუგზავნია". - ამბობს ნინო ლომჯარია.

კომენტარები