ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება

ადვოკატი: 4-თვიანი პატიმრობის შემდეგ, პროკურატურა ივერი მელაშვილს ბრალს უზუსტებს

მთავარი/კადრი ვიდეოდან

"პროკურატურამ გვაცნობა, რომ ხვალ ივერი მელაშვილს ბრალდებას დაუზუსტებენ". - წერს Facebook-ზე დაკავებულის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი. მისი თქმით, დაცვის მხარისთვის ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მუხლი არ იცვლება.

"აპირებენ, დააზუსტონ ბრალდების შინაარსი. დეტალებს ხვალ 12:00 სთ-ზე გლდანის N8 დაწესებულებაში გავიგებთ.

დეტალებს ხვალ შევაფასებთ. თუმცა, მანამდე რაც შეიძლება ითქვას, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჯერ დააპატიმრეს ადამიანი უმძიმესი ბრალდებით და 4 თვის შემდეგ აზუსტებენ, რისთვის დააპატიმრეს 4 თვის წინ" - წერს მარიკაშვილი.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები