2021 წელს გარდაცვლილები

BBC-მ ფილ სპექტორის გარდაცვალების ამბავის სათაურის გამო ბოდიში მოიხადა

Daily mail

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ BBC-მ ფილ სპექტორის გარდაცვალების ამბავზე გამოქვეყნებული სათაურის გამო საჯაროდ ბოდიში მოიხადა.

"ნიჭიერი, მაგრამ ნაკლიანი პროდიუსერი ფილ სპექტორი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა" – ასეთი იყო 2009 წელს მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული სპექტორის ნეკროლოგის თავდაპირველი სათაური. 

სათაურმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, მათი აზრით, ის მუსიკოსს "ზედმეტად პოზიტიურად" წარმოაჩენს.

"პოპის პროდიუსერი, რომელიც ციხეში მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა". – მალევე BBC-მ ჰედლაინი ასე შეცვალა.

მოგვიანებით გამოცემამ საჯაროდ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა რომ "სათაური არ შეესაბამებოდა რედაქციის მაღალ სტანდარტებს".

სპექტორი როკ ბენ The Teddy Bears-ის გიტარისტი იყო. ჯგუფიდან წამოსვლის შემდეგ სხვადასხვა ავტორებისთვის სიმღერების წერა დაიწყო. 60-იან წლებში მის მიერ შექმნილ პროექტებს შორის იყო შერი, The Crystals, The Righteous Brothers, Ike & Tina Turner. 1970 წელს ლეგენდარულ The Beatles-თან ერთად იმუშავა ბენდის უკანასკნელ ალბომზე "Let It Be", ერთი წლის შემდეგ ჯონ ლენონის ყველაზე წარმატებული ალბომის "Imagine"-ის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ სპექტორი მუსიკალურ შოუბიზნესში აქტიურად ჩართული აღარ ყოფილა. 

2003 წელს სპექტორმა მოკლა 40 წლის მსახიობი ლანა კლარქსონი პირში პისტოლეტის გასროლით. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა. მუსიკოსის თქმით, კლარქსონის გარდაცვალება "უნებლიე თვითმკვლელობაა". ექვსწლიანი პროცესის შემდეგ სასამართლომ პროდიუსერს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ბოლო წლებში სპექტორი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ციხის ჰოსპიტალში იყო გადაყვანილი. 2020 წლის დეკემბერში მას კორონავირუსი დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ მან დაავადება დაამარცხა, მუსიკოსი გართულებებისგან გარდაიცვალა.

 

კომენტარები