ავსტრალიის ღია პირველობა

ავსტრალიაში კარანტინში მყოფი ჩოგბურთელები სასტუმროებში ვარჯიშობენ [Photos/Video]

ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონატის წინ ქვეყანაში ჩასულ მოთამაშეებს და მათი გუნდის წევრებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ. ისინი სასტუმროებში განათავსეს და დღეში რამდენიმე საათით მხოლოდ სავარჯიშოდ გასვლის უფლება აქვთ.

ტურნირი 8 თებერვალს უნდა დაიწყოს.

თუმცა, ტურნირზე მიმავალთათვის დანიშნული 15 ჩარტერული ფრენიდან 3-ზე მყოფ 9 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსით დაავადებული პირები ავსტრალიაში აშშ-დან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და კატარიდან ჩავიდნენ. მათ შორის იყო ერთი მოთამაშე. ამის გამო იმ პირებს, ვინც მათთან ერთად რეისზე იყო კარანტინის გამკაცრებული ზომები შეეხო. მკაცრ იზოლაციაში 72 მოთამაშეა მოთავსებული. ამ პირებს 14 დღის განმავლობაში ოთახის დატოვების უფლება არ ექნებათ და შესაბამისად ვარჯიშს ვერ შეძლებენ.

კაცებს შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სებმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურნირის ორგანიზატორებს მოთხოვნები წაუყენა. მას კარანტინის ვადის შემცირება, ჩოგბურთის კორტებიან კერძო სახლში გადაყვანა, უკეთესი საკვები და მეტი სავარჯიშო მოწყობილობები სურს, თუმცა, როგორც ცნობილია, მის ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

ჯოკოვიჩის გარდა მკაცრ კარანტინს სხვა მოთამაშეებიც აპროტესტებენ, თუმცა ტურნირის ორგანიზატორები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათთვის გამონაკლისის დაშვებას გამორიცხავენ, ამიტომ ზოგიერთმა მათგანმა სასტუმროს ოთახში დაიწყო ვარჯიში.

 

კომენტარები