რელიგიური უმცირესობები

ნაკაიძე: ჩოხატაურში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა სამლოცველოში არ წასულიყვნენ

ტარიელ ნაკაიძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის, ტარიელ ნაკაიძის ცნობით, 12 იანვარს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ მუსლიმ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს, რათა ისინი სამლოცველოში არ მისულიყვნენ ღვთისმსახურებისთვის. 

"ადგილობრივმა მუსლიმებმა რამდენიმე თვის წინ სოფელში შეიძინეს საცხოვრებელი სახლი, რომელიც ​სამლოცველოდ მოაწყვეს. აღნიშნულ შენობაში აგრეთვე მიმდინარეობდა პარასკევის ლოცვებიც, სადაც ათეულობით ადგილობრივი მუსლიმი იკრიბებოდა ხოლმე". – წერს ტარიელ ნაკაიძე Facebook-პოსტში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, ძალადობის ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, 1985 წელს დაბადებულმა გ.ს.-მ "ურთიერთშელაპარაკების დროს" თანასოფლელებს, 2003 წელს დაბადებულ ნ.ი.-სა და მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავზე დაზიანებები მიაყენა. 

დაშავებულები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. 

შსს-ს ცნობით, გ.ს. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

როგორც ტარიელ ნაკაიძე Facebook-ზე წერს, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება უმცირესობების და განსაკუთრებით კი მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფოს მრავალწლიანი დისკრიმინაციული, გულგრილი და არასეკულარული პოლიტიკის შედეგია. 

"ეს პოლიტიკა უმეტეს შემთხვევაში რელიგიური უმცირესობების გარიყულობაში, დისკრიმინაციასა და ზოგჯერ მიზანმიმართულ დევნაში ვლინდება. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლინდა არაერთი რელიგიური კონფლიქტი. მათ შორის, ნიგვზიანში 2012 წელს, წინწყაროში 2013 წელს, სამთაწყაროში 2013 წელს, ჭელაში 2013 წელს, ქობულეთში 2014 წელს, მოხეში 2014 წელს, ადიგენში 2016 წელს. რელიგიური დევნისა და დისკრიმინაციის მსგავს შემთხვევებზე სახელმწიფოს არაქმედითი რეაგირება დაუსჯელობის განცდას ქმნის და რელიგიური უმცირესობების შევიწროებას და მიუღებლობას ერთგვარ ნორმად აქცევს". – წერს ტარიელ ნაკაიძე. 

სწორედ აქედან გამომდინარე, ტარიელ ნაკაიძის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესში სახელმწიფომ უზრუნველყოს კანონის უზენაესობისა და თანასწორობის პრინციპების განუხრელი დაცვა, კომპეტენტურად გამოიძიოს გამოვლენილი ძალადობის ფაქტი და მიიღოს ადეკვატური სამართლებრივი ზომები. 

"იმისთვის რომ კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს, აუცილებელია შესაბამისმა უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პრევენციული ზომები მიიღონ. კონფლიქტის გადაჭრა კი ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის პრინციპებით დაცვით მოხდეს და არა სხვისი უფლებების უგულებელყოფის და მიჩქმალვის ხარჯზე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.

ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ დროულად უზრუნველყოს ადგილობრივი მუსლიმების მიერ გახსნილ სამლოცველოში ღვთისმსახურების თავისუფლად შესრულება და აღკვეთოს ამ კუთხით მოსალოდნელი საფრთხეები. აქვე საჭიროა, სახელმწიფომ შეიმუშავოს კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებს შორის ნდობის აღდგენასა და მშვიდობიანობისა და სოლიდარობის პრინციპებით თანაცხოვრებაზე მიმართული პროგრამები". – დაწერა ტარიელ ნაკაიძემ. 

კომენტარები