დონალდ ტრამპის დაბლოკვა სოციალური ქსელების მიერ

ევროკომისია: აღარ არის მისაღები, პლატფორმებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მარტომ მიიღონ

Twitter-ზე აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ანგარიშის წაშლისა და Facebook-ზე მის ანგარიშზე წვდომის შეზღუდვის შემდეგ,  ევროკომისიაში განაცხადეს, რომ აღარ არის მისაღები, "სოციალურმა მედია გიგანტებმა" მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ონლაინ შინაარსის წაშლის შესახებ, მარტომ მიიღონ.

11 იანვარს, დეპუტატებთან საუბრისას, პრაბჰატ აგარვალმა, რომელიც ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების გენერალურ დირექტორატში ელექტრონული ვაჭრობის განყოფილებას ხელმძღვანელობს, აღნიშნა, თუ როგორ ცდილობს ევროკავშირის აღმასრულებელი ციფრული სერვისების აქტი, აღადგინოს ბალანსი ონლაინ შინაარსის ეფექტურ წაშლასა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებას შორის. 

"ჩვენი აზრით, აღარ არის მისაღები, რომ პლატფორმები საკუთარ თავზე იღებენ გარკვეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ყოველგვარი ზედამხედველობის, ყოველგვარი ანგარიშვალდებულების, რაიმე სახის დიალოგისა და გამჭვირვალობის გარეშე, ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებზე, რასაც ისინი იღებენ". –  თქვა აგარვალმა.

"გამოხატვის თავისუფლება ნამდვილად არის მთავარი ღირებულება აქ". – თქვა მან ევროპარლამენტში.

სოციალური ქსელების მიერ ტრამპის დაბლოკვის შემდეგ ევროპარლამენტის რამდენიმე კანონმდებელმაც გამოხატა შეშფოთება და მომხდარს გამოეხმაურა. 

"საშიშია ის ფაქტი, რომ პლატფორმები, როგორიცაა Twitter-ი და Facebook-ი, წყვეტენ ვის შეუძლია, თავისუფლად ისაუბროს". – თქვა მწვანეებიდან დეპუტატმა, კიმ ვან სპარენტაკმა.

"წლების განმავლობაში ეს პლატფორმები სარგებლობდნენ დეზინფორმაციისა და სიძულვილის ფართომასშტაბიანი გავრცელებით, რასაც კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოჰყვა… ჩვენ უნდა ავიღოთ ძალაუფლება ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შესახებ კერძო კომპანიებიდან და დავუბრუნოთ ის დემოკრატიულ ინსტიტუტებს". - თქვა მან.

ევროპარლამენტარებმა ასევე შეშფოთება გამოხატეს, თუ რა როლს თამაშობს სოციალური მედია აშშ-ს კაპიტოლიუმში შეჭრაზე, მათი თქმით, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული ციფრული სერვისების აქტმა (DSA) უნდა გააორმაგოს ძალისხმევა ონლაინ შეთქმულების თეორიების გავრცელებასთან დაკავშირებით.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესსპიკერმა, შტეფენ ზიბერტმა განაცხადა, რომ სოციალური მედიის პლატფორმების მენეჯმენტის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს ის პოლიტიკა, თუ რამდენად შეიძლება ჩაერიოს ის გამოხატვის თავისუფლებაში.

თავად მერკელმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის დაბლოკვასთან დაკავშირებით პრობლემურია. 

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმაც თქვა, რომ ციფრული სამყაროს რეგულირება ციფრული ოლიგარქიის მიერ ვერ მოხდება.

დონალდ ტრამპის პირადი ანგარიში სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ 8 იანვარს დაბლოკა. კომპანიამ გადაწყვეტილება ტრამპის მიერ ქსელის წესების განმეორებითი დარღვევით ახსნა. საუბარია აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ტვიტებზე, რომლებიც კაპიტოლიუმის შენობაზე მისი მომხრეების მიერ ორგანიზებულ თავდასხმას ეხებოდა. 

Twitter-ისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპის ანგარიში დროებით დაბლოკა Facebook და Twich-მა.

კომენტარები