კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ვფიქრობ, ვაქცინა საქართველოში ერთ თვეში შემოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორისა და ახალი კორონავირუსის მართვის პროტოკოლის ავტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, შესაძლოა, Covid-19-ის ვაქცინა საქართველოში ერთი თვეში შემოვიდეს. 

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაუბრა, თუმცა, ჯერჯერობით კვლავ უცნობია, კონკრეტულად რომელ ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში. როგორც თენგიზ ცერცვაძემ იმავე ინტერვიუში თქვა, "ყველაზე რეალური" ასტრაზენეკასა და "ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის" შემოტანა ჩანს. 

"მათ ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებთან შედარებით აქვთ ის სერიოზული უპირატესობა, რომ არ საჭიროებენ შენახვას სპეციალური რეჟიმით. ეს ვაქცინები ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ინახება და ამიტომ, მათი ტრანსპორტირება და მოხმარება გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე იმ ორი ვაქცინისა. 

მათ საიმედოობისა და დაცვის ისეთივე პროცენტი უჩვენეს, დაახლოებით 95%-მდე, როგორც ფაიზერმა და მოდერნამ. თუ ამ ორი ვაქცინიდან რომელიმე შემოვა, მე პირადად, მივესალმები ამას. ლაპარაკია, რაც შეიძლება ჩქარა შემოვიდეს. არავინ იცის, ზუსტად როდის შემოვა, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, იმდენად სერიოზული არხებია ჩართული ამ მოლაპარაკებებში, რომ, ვფიქრობ, ერთ თვეში შემოვა". – თქვა თენგიზ ცერცვაძემ. 

ინფექციონისტის თქმით, საქართველოს ვაქცინის შემოტანის პროცესში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი და ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორი ეხმარებიან. მისივე ცნობით, პროცესში ჩართულები არიან ვაქცინის მწარმოებელი ქვეყნების ელჩებიც. 

აქამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ ვაქცინას საქართველო მარტიდან უნდა ელოდოს. 

კომენტარები