ერთპარტიული პარლამენტი

ინჯია ბოკერიას: ევროპელი სოციალისტები პირველი ოპოზიციური პარტია ვართ პარლამენტში

საზოგადოებრივი მაუწყებელი

"მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა, პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია, ევროპელი სოციალისტები ვართ". - ასე ეხმაურება ფრიდონ ინჯია ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრების პარლამენტში შესვლამ ერთპარტიულობა დაადასტურა.

"სხვათა შორის, შევახსენებ მას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები წინა მოწვევის პარლამენტშიც მიიღო ოპოზიციამ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო ევროპული საქართველო და ახალი პარტია შექმნა. ის მოქმედება სამართლიანი იყო და ჩვენი უსამართლოა? ეს არის მისი მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომა საკითხის მიმართ". - ამბობს ინჯია. 

ბოკერიას კომენტარს "ოცნების" დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძეც გამოეხმაურა. სამხარაძის თქმით, "ბოკერია ალბათ ხუმრობდა, პარლამენტი ერთპარტიულიაო – ერთს+ერთი ორია."

პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამი წევრის - ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილება 5 იანვარს ცნო. ქართული ოცნება კი 2021 წლის 5 იანვრით დათარიღებულ საინფორმაციო ბიულეტენში უცხოელ პარტნიორებს აცნობებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "პარლამენტში შევიდა პირველი ოპოზიციური პარტია ევროპელი სოციალისტები ".

პრორუსული პარტიის სამმა წევრმა პარლამენტში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები დაიკავა, რადგან მათ საკანონმდებლო ორგანოს მანტადებზე უარი განაცხადეს.

საპარლამენტო მანდატზე უარი არ უთქვამს პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს, თუმცა, იგი თანაპარტიელებს რიგგარეშე სხდომაზე მოგვიანებით შეუერთდა.

ფრიდონ ინჯიას თქმით, ის, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქანაძე და დავით ზილფიმიანი აყალიბებენ პოლიტიკურ გაერთიანება ევროპელ სოციალისტებს და საკანონმდებლო ორგანოში ასე შედიან.

"ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არ არის, ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, ის უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩევლებს, მათ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მცირე იყოს ის, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას". - თქვა ფრიდონ ინჯიამ.

პარლამენტის მანდატების გაუქმების მოთხოვნით პატრიოტთა ალიანსის სამმა წევრმა, ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს მიმართეს. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგებითპატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.14% და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

ირაკლი კობახიძე მათ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "მნიშვნელოვანია, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში".

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსგირჩის სამ და პატრიოტთა ალიანსის ერთ წევრს არ მიუმართავთ.

კომენტარები