აშშ-ს არჩევნები

AP: ჯორჯიაში ოსოფმა გაიმარჯვა, რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობა დაკარგეს

ჯონ ოსოფი

Associated Press-ის ინფორმაციით, ჯორჯიაში სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატმა ჯონ ოსოფმა მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი დევიდ პერდუ დაამარცხა. დათვლილია ხმების 98%. ოსოფს ხმების 50,3% აქვს მიღებული, პერდუს 49,7%.

გამოცემის მიხედვით პერდუ ვეღარ შეძლებს გადაასწროს დემოკრატ კონკურენტს. მას დამარცხება ამ დრომდე არ უღიარებია.

პარალელურად AP-მ ჯორჯიის სენატის სპეციალურ არჩევნებში გამარჯვებულად ასევე დემოკრატი რაფაელ ვარნოკი გამოაცხადა. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 98%. ვარნოკმა ხმების 50.7% მიიღო, მეორე ტურში მისმა კონკურენტმა რესპუბლიკელმა კელი ლოფლერმა კი - 49.3%.

ვარნოკმა თავი გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა. ლოფლერს დამარცხება ჯერ არ უღიარებია.

იმ შემთხვევაში, თუ ოსოფის და ვარნოკის გამარჯვება ოფიციალურად დადასტურდება, დემოკრატიულ პარტიას სენატში 50 ადგილი ექნება, იმდენივე, რამდენიც რესპუბლიკურს. გადამწყვეტი ხმა კი ვიცე-პრეზიდენტის ხელში იქნება. ამ პოსტზე დემოკრატი კამალა ჰარისია არჩეული.

6 იანვარს უნდა გამართულიყო კონგრესის ერთობლივი სხდომა, სადაც საარჩევნო კოლეგიის ხმებს ოფიციალურად დაამტკიცებდნენ. ამ ხმებით აშშ-ს მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ვიცეპრეზიდენტი კი კამალა ჰარისი. სხდომა ჩაიშალა და კონგრესმენებსა და სენატორებს კაპიტოლიუმის შენობის დატოვება მოუხდათ, რადგან შენობაში ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიჭრა.

კომენტარები