კაპიტოლიუმში შეჭრა

პელოსი ტრამპს: მოსთხოვეთ დემონსტრანტებს, კაპიტოლიუმი დაუყოვნებლივ დატოვონ

ნენსი პელოსი / დონალდ ტრამპი
NBC

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, ნენსი პელოსი დონალდ ტრამპს მიმართავს. 

"ჩაკ შუმერი და მე მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, მოსთხოვოს დემონსტრანტებს, დაუყოვნებლივ დატოვონ აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობა". - წერს პელოსი.  

უცნობია, რა ხდება ამ წუთებში კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიჭრა. 

დონალდ ტრამპმა აშშ-ს კონგრესის შენობაში შეჭრილ საკუთარ მხარდამჭერებს Twitter-ზე სიმშვიდისკენ მოუწოდა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეილი მაკინანმა დაწერა, რომ, ტრამპის ბრძანებით, კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის დასამყარებლად ეროვნული გვარდია გაიგზავნა.

კონგრესის შენობაში მიმდინარეობდა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხდომა, რომელიც მომიტინგეთა შეჭრის შემდეგ ჩაიშალა და კანონმდებლებმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვეს.

კაპიტოლიუმის შენობაში სროლა იყო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ქალი. CNN-ის მიხედვით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

კონგრესს ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ტრამპის მხარდამჭერები ამას ეწინააღმდეგებიან. თავად ტრამპი დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს და კვლავ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს.

კომენტარები