კაპიტოლიუმში შეჭრა

ტრამპი კონგრესის შენობაში შეჭრილ საკუთარ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

დონალდ ტრამპი აშშ-ს კონგრესის შენობაში შეჭრილ საკუთარ მხარდამჭერებს Twitter-ზე სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

"აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში მყოფებს ვთხოვ, მშვიდობიანად მოიქცნენ. არავითარი ძალადობა! გახსოვდეთ, ჩვენ ვართ კანონის და სამართლის პარტია - პატივი ეცით კანონს და ლურჯ ფორმაში გამოწყობილ კაცებს და ქალებს [სამართალდამცველებს]. გმადლობთ!"

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეილი მაკინანმა დაწერა, რომ ტრამპის ბრძანებით კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის დასამყარებლად ეროვნული გვარდია გაიგზავნა:

"პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით ეროვნული გვარდია და ფედერალური დაცვის სამსახურები გზაში არიან. ჩვენ ვიმეორებთ ტრამპის მოწოდებას და გთხოვთ, თავი შეიკავოთ ძალადობისაგან". - დაწერა მან. 

უცნობია რა ხდება ამ წუთებში კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიჭრა.

კონგრესის შენობაში მიმდინარეობდა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხდომა, რომელიც მომიტინგეთა შეჭრის შემდეგ ჩაიშალა და კანონმდებლებმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვეს.

კაპიტოლიუმის შენობაში სროლა იყო. ამერიკული მედიის ინფორმაციით დაჭრილია ერთი ქალი. CNN-ის მიხედვით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

კონგრესს ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლის მიხედვითაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ტრამპის მხარდამჭერები ამას ეწინააღმდეგებიან. თავად ტრამპი დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს და კვლავ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს.

სიმშვიდისაკენ მოწოდებამდე ტრამპმა გააკრიტიკა ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელმაც თქვა, რომ ის იზიარებს შეშფოთებას არჩევნების სამართლიანობის  შესახებ, მაგრამ, მისი თქმით, არ არის სწორი, რომ მან ცალმხრივად უნდა მიიღოს ან უარყოს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები. 

"მაიკ პენსს არ ეყო გამბედაობა, გაეკეთებინა ის, რაც საჭირო იყო ჩვენი ქვეყნის და კონსტიტუციის დასაცავად, რათა მიეცა სენატისთვის შანსი, დაემტკიცებინა შესწორებული ფაქტები და არა გაყალბებული და არასწორი ფაქტები. აშშ ითხოვს სიმართლეს!"

 

კომენტარები