აშშ-ს არჩევნები

AP: რაფაელ ვარნოკი ჯორჯიის შტატის პირველი შავკანიანი სენატორი გახდა

რაფაელ ვარნოკი

Associated Press-მა ჯორჯიის შტატში სენატის სპეციალურ არჩევნებში გამარჯვებულად დემოკრატი რაფაელ ვარნოკი გამოაცხადა. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 98%. ვარნოკმა 2,220,300 ხმა მიიღო (50.53%), მეორე ტურში მისმა კონკურენტმა რესპუბლიკელმა კელი ლოფლერმა კი – 2,173,749 ხმა (49.47%).

სპეციალური არჩევნები სენატორ ჯონი აიზეკსონის გადადგომის გამო დაინიშნა. მის მოვალეობას კელი ლოფლერი ასრულებდა. პირველ ტურში ლოფლერი მეორე ადგილზე გავიდა ხმების 26%-ით. პირველ ადგილზე დემოკრატი რაფაელ ვარნოკია 33%-ით. ლოფლერმა რესპუბლიკელთა ამომრჩევლების ხმების ნაწილი იმის გამო დაკარგა, რომ კენჭს მასთან ერთად პარტიიდან კიდევ ერთი კანდიდატი, დაგ კოლინზი იყრიდა. მან 20% მიიღო და შესაბამისად, მეორე ტურში ვერ გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხმები სრულად არ არის დათვლილი, ვარნოკმა უკვე გამოაცხადა თავი გამარჯვებულად.

სენატის დაგეგმილ არჩევნებში კი მოქმედ რესპუბლიკელ სენატორ დევიდ პერდუს დემოკრატმა ჯონ ოსოფმა გადაასწრო. ამ დროისთვის ოსოფს 2,201,741 ხმა აქვს (50.11%), პერდუს კი – 2,192,214 ხმა (49.89%).

რესპუბლიკურ პარტიას სენატში, ამ დროისათვის, 50 ადგილი აქვს და უმრავლესობის მოსაპოვებლად დამატებით მხოლოდ ერთი ადგილი სჭირდება.

დემოკრატიულ პარტიას კი 48 ადგილი აქვს და სენატზე კონტროლის დასამყარებლად ჯორჯიაში ორივე კანდიდატის გამარჯვება სჭირდება. ამ შემთხვევაში სენატში ადგილები თანაბრად გადანაწილდება და გადამწყვეტი ხმა ვიცეპრეზიდენტს მიენიჭება. ამ პოსტზე კი დემოკრატი კამალა ჰარისია არჩეული.

რაფაელ ვარნოკი გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ შტატის პირველი შავკანიანი სენატორი გახდება. ის ბოლო 15 წლის განმავლობაში ატლანტას ეკლესიის პასტორი იყო.

"იმიტომ, რომ ეს ამერიკაა, 82 წლის ხელებმა, რომლებიც სხვის ბამბას კრეფდნენ, მისი უმცროსი ვაჟი აშშ-ს სენატორი გახადა. დღეს დავამტკიცეთ, რომ იმედით, თავდაუზოგავი მუშაობით და ხალხის მხარდაჭერით ყველაფერი შესაძლებელია". - თქვა ვარნოკმა.

Associated Press-ის ანალიზის მიხედვით კელი ლოფლერი ვეღარ შეძლებს მას გადაუსწროს, ვინაიდან დარჩენილი დასათვლელი ხმები იმ ოლქებიდანაა, სადაც დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები არიან უმრავლესობაში.

ლოფლერს დამარცხება ჯერ არ უღიარებია. ის კვლავ ასრულებს სენატორის მოვალეობას და გეგმავს ჩავიდეს ვაშინგტონში და შეუერთდეს იმ სენატორებს, რომლებიც ბაიდენის გამარჯვებას გააპროტესტებენ.

6 იანვარს კონგრესის ორივე პალატა შეიკრიბება, რათა დაითვალოს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები და ოფიციალურად დაადასტუროს შედეგები. სხდომას ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი წარმართავს.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოლეგიამ უკვე გააკეთა არჩევანი და 306 ხმით არჩეულ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოცხადდა, რესპუბლიკური პარტიის კანონმდებელთა ნაწილი გეგმავს, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭიროს.

11 რესპუბლიკელი სენატორი, ტედ კრუზის მეთაურობით, ამბობს, რომ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირებას ხმას არ მისცემს და მოითხოვს შედეგების დამტკიცების გადადებას 10 დღით, რათა ჩატარდეს აუდიტი საარჩევნო დარღვევების თაობაზე.

ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თქვა, რომ ამ ნაბიჯს მიესალმება.

იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო განცხადებას მხარს დაუჭერს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის თითო წევრი მაინც, მას 2 საათიანი განხილვა და კენჭისყრა მოჰყვება.

4-მა რესპუბლიკელმა სენატორმა, მათ შორის მიტ რომნიმ ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას მხარს დაუჭერენ. საარჩევნო კოლეგიის მიერ ხმის მიცემის შემდეგ ბაიდენის გამარჯვება აღიარა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა და პარტიის წევრებს მოუწოდა, არ გააპროტესტონ ბაიდენის გამარჯვება.

კომენტარები