ქრისტეშობა 2021

შობა ღამით კომენდანტი იხსნება, კათალიკოზი სამებაში წირავს, ალილო - მანქანებიდან

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საშობაოდ, 6 იანვრის 21:00-დან - 7 იანვრის 05:00-მდე, ერთი ღამით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა გადაადგილებაზე მოხსნილია. 

ღამისთევის საშობაო ღვთისმსახურების აღსრულების პრივილეგიით საქართველოში მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები სარგებლობენ.

25 დეკემბერს, როცა სხვა ქრისტიანული კონფესიები შობას ზეიმობენ, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვები არ მოხსნა, რაც რელიგიური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დისკრიმინაციული იყო, სახელმწიფოს შეთავაზება კი, რომ რელიგიურ ჯგუფებს ერთჯერადი საშვებისთვის სასულიერო პირთა და მრევლის სიები რელიგიის სააგენტოსთვის გადაეცათ - პერსონალურ მონაცემებზე უკანონო წვდომის მოპოვების მცდელობა.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია ღამისთევის საზეიმო ლიტურგიას 23:00-ზე, სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს კვლავ საერთო კოვზიდან აზიარებს, რაც ვირუსის გავრცელებისთვის რისკის შემცველია. 

საპატრიარქოს ცნობით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე ტრადიციული მსვლელობა არ მოეწყობა, თუმცა "სამღვდელოება მოსახლეობასა და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას".

 

კომენტარები