აშშ-ს არჩევნები

რა იგეგმება 6 იანვარს კონგრესის სხდომაზე, რომელზეც ბაიდენის გამარჯვება უნდა დაამტკიცონ

ტედ კრუზი, დონალდ ტრამპი, მაიკ პენსი

6 იანვარს კონგრესის ორივე პალატა შეიკრიბება, რათა დაითვალოს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები და ოფიციალურად დაადასტუროს შედეგები. სხდომას ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი წარმართავს.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოლეგიამ უკვე გააკეთა არჩევანი და 306 ხმით არჩეულ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოცხადდა, რესპუბლიკური პარტიის კანონმდებელთა ნაწილი გეგმავს, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭიროს.

11 რესპუბლიკელი სენატორი, ტედ კრუზის მეთაურობით, ამბობს, რომ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირებას ხმას არ მისცემს და მოითხოვს შედეგების დამტკიცების გადადებას 10 დღით, რათა ჩატარდეს აუდიტი საარჩევნო დარღვევების თაობაზე.

ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თქვა, რომ ამ ნაბიჯს მიესალმება.

იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო განცხადებას მხარს დაუჭერს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის თითო წევრი მაინც, მას 2 საათიანი განხილვა და კენჭისყრა მოჰყვება.

ბოლოს მსგავსი კენჭისყრა 2005 წელს მოხდა, როდესაც დემოკრატმა კანონმდებლებმა ოჰაიოს საარჩევნო კოლეგიის ხმები გააპროტესტეს და მიზეზად საარჩევნო დარღვევები დაასახელეს. კონგრესმა მათ წინააღმდეგობას მხარი არ დაუჭირა.

იმისათვის, რომ ინიციატივა დამტკიცდეს, საჭიროა როგორც სენატის, ასევე წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის მხარდაჭერა. 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დემოკრატიული პარტია ინარჩუნებს.

ამ დროისათვის სენატში უმრავლესობა კვლავ რესპუბლიკურ პარტიას აქვს, თუმცა 4-მა რესპუბლიკელმა სენატორმა, მათ შორის მიტ რომნიმ ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას მხარს დაუჭერენ. საარჩევნო კოლეგიის მიერ ხმის მიცემის შემდეგ ბაიდენის გამარჯვება აღიარა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა და პარტიის წევრებს მოუწოდა, არ გააპროტესტონ ბაიდენის გამარჯვება.

გარდა ამისა, სენატის ბედი დამოკიდებულია 5 იანვარს ჯორჯიაში დანიშნულ მეორე ტურებზე. 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ რესპუბლიკურ პარტიას სენატში 50 ადგილი აქვს, დემოკრატიულს - 48. უმრავლესობის მოსაპოვებლად რესპუბლიკელებს კიდევ 1 სენატორი სჭირდებათ.

მეორე ტური გაიმართება ჯორჯიაში, ვინაიდან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება. ჯორჯიაში სულ ორი სენატორი უნდა აირჩიონ, რადგან სპეციალური არჩევნებიც იყო დანიშნული სენატორ ჯონი აიზეკსონის გადადგომის გამო. მის მოვალეობას კელი ლოფლერი ასრულებდა. ის სენატის არჩევნებში კენჭს იყრიდა, თუმცა მეორე ადგილზე გავიდა ხმების 26%-ით. პირველ ადგილზე დემოკრატი რაფაელ ვარნოკია 33%-ით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლოფლერმა რესპუბლიკელთა ამომრჩევლების ხმების ნაწილი იმის გამო დაკარგა, რომ კენჭს მასთან ერთად პარტიიდან კიდევ ერთი კანდიდატი, დაგ კოლინზი იყრიდა. მან 20% მიიღო და შესაბამისად მეორე ტურში ვერ გადავიდა. 

იმ შემთხვევაში, თუ ორივე ადგილი დემოკრატებმა მოიპოვეს, ორივე პარტიას სენატში 50-50 ადგილი ექნება და გადამწყვეტი ხმა ვიცეპრეზიდენტის ხელში იქნება. ამ პოსტზე დემოკრატი კამალა ჰარისია არჩეული.

5 იანვარს შტატში ჩასვლას გეგმავს როგორც ჯო ბაიდენი, ასევე დონალდ ტრამპი.

ტრამპი დამარცხებას კვლავ არ აღიარებს და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს.

The Washington Post-მა გაავრცელა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ტრამპი ჯორჯიის შტატის მდივანს, რესპუბლიკელ ბრედ რაფენსპერგერს ესაუბრება. ჯორჯია ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის შტატი იყო, რომელიც ტრამპმა წააგო. სატელეფონო საუბარში ტრამპი რაფენსპერგერს სთხოვს, შედეგები გადათვალოს და მისთვის 11 780 ხმა იპოვოს.

"მხოლოდ ერთი რამის გაკეთება მსურს. მინდა, ვიპოვო 11 780 ხმა, რაც ერთით მეტია იმაზე, ვიდრე გვაქვს, რადგან შტატში გავიმარჯვეთ". – ამბობს ტრამპი ჩანაწერში.

11 780 ხმის დამატების შემთხვევაში ტრამპს სულ ჯორჯიის შტატში 2 473 634 ხმა ექნებოდა, რაც ბაიდენის მიერ მიღებულ ხმებზე ზუსტად ერთით მეტი აღმოჩნდებოდა. ჯორჯიაში ხმები უკვე სამჯერ გადათვალეს, სანამ ბაიდენის გამარჯვებას დაადასტურებდნენ. რაფენსპერგერმა ეს ტრამპთან საუბარში აღნიშნა:

"ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ რამდენიმე საჩივარი გვქონდა სასამართლოში, ჩვენ ამ საჩივრებზე რეაგირება გვქონდა. არ გეთანხმებით იმაში, რომ გაიმარჯვეთ". – ამბობს ის.

"არაფერი დაშავდება, თუ იტყვით, რომ ხელახლა დათვალეთ. გადახედეთ შედეგებს, მაგრამ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც პასუხების პოვნა სურთ და არა მათთან, ვისაც არ სურთ". – უთხრა მას ტრამპმა.

"თქვენი გამოწვევა, ბატონო პრეზიდენტო, ისაა, რომ მონაცემები, რომლებიც თქვენ გაქვთ, არასწორია". – უპასუხა მას რაფენსპერგერმა.

მიუხედავად ამისა, ტრამპი საუბრობდა ბიულეტენების განადგურებაზე და მას გასამართლებითაც კი დაემუქრა.

"შენ იცი, რაც ჩაიდინეს და არ ამბობ. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ამას ვერ დაუშვებ. ეს დიდი რისკია შენთვის და შენი ადვოკატისთვის". – ამბობს ტრამპი ჩანაწერში.

ის ასევე აფრთხილებს რაფენსპრგერს, რომ შედეგები ხელახლა გამოთვლაზე უარის თქმა გავლენას მოახდენს რესპუბლიკელ ამომრჩევლებზე და ისინი ჯორჯიის სენატის არჩევნების მეორე ტურზე ხმის მისაცემად არ მივლენ.

ვიცეპრეზიდენტად არჩეულმა კამალა ჰარისმა ტრამპის კომენტარები ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად შეაფასა.

ის, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა დაადასტურა აშშ-ს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა უილიამ ბარმა, რომელიც ამ განცხადებიდან მალევე თანამდებობიდან გადადგა. სასამართლოში ტრამპის გუნდისა და რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წევრის მიერ შეტანილი სარჩელები არჩევნების შედეგები გაუქმების თაობაზე სასამართლომ არცერთ შტატში არ დააკმაყოფილა. მათ შორის მსგავსი სარჩელი განხილვის გარეშე ერთხმად უარყო აშშ-ს უზენაესმა სასამართლომაც, სადაც 9 მოსამართლიდან 3 თავად ტრამპის მიერ არის ნომინირებული.

კომენტარები