თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე რეაბილიტაციისას ამოღებული ძველი მილები მოიპარეს.
"ჩვენ გლდანში დავამთავრეთ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც ხარვეზებით წარიმართა. ამასთან დაკავშირებით შიდა აუდიტმა მოკვლევები ჩაატარა - წინა მთავრობის სხდომაზე ამაზე ვისაუბრე. იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან მიმართებით გენერალურ პროკურატურაში გადაგზავნილია დოკუმენტაცია, შემდეგი მოკვლევის მიზნით.
გარდა ამისა, გამოიკვეთა მეორე სავარაუდო დანაშაული. ის ძველი მილები, რომელიც იყო მიწაში განთავსებული და რომლის ამოღება მოხდა, დასაწყობებული იყო და ეს მილები აღარ არის, მოიპარეს. აქ საუბარია 500 ტონა მილების დატაცებაზე, მინიმუმ, 200 000 ლარია აქ ზარალი". – ამბობს კალაძე.
კალაძის თქმით, საქმე მთავარ პროკურატურას გადაეცემა და "ყველა აგებს პასუხს, ვინც დამნაშავეა და გარეულია ამ სავარაუდო დანაშაულში."
26 აგვისტოს გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული გზა ჩავარდა. თბილისის მერია ამას უხვი ნალექის მოსვლით ხსნიდა. თუმცა, კალაძემ 9 დეკემბერს, მოკვლევის დასრულების შემდეგ თქვა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა და გზის ჩავარდნის მიზეზი "სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობა" იყო.