თბილისის მერია

"არის სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული" – კალაძე ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის ჩავარდნაზე

IPN

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე 26 აგვისტოს ახლადრეაბილიტირებული გზა "სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო" ჩავარდა.

„ხიზანიშვილის ქუჩაზე იყო გარკვეული პრობლემები. მაშინ, შიდა აუდიტის სამსახურს დავავალე, რომ განეხორციელებინა მოკვლევა, თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. სრული მოკვლევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.   

დადგინდა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში სერიოზული ხარვეზები და პრობლემების მთელი ჯაჭვი იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ ხიზანიშვილის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე გზის საფარი ჩაიწია, რის გამოც, დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით, 85 000 ლარით დაზარალდა". - ამბობს კალაძე. 

კახა კალაძის თქმით, დასკვნას, შემდგომი რეაგირებისთვის, პროკურატურაში გადააგზავნიან. 

"რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. მოკვლევის შედეგად ვლინდება სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. საკითხი შემდგომი რეაგირებისა და გამოძიებისთვის გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნება". - ამბობს კალა კალაძე. 

გლდანში, ახლადრეაბილიტირებული გზის ჩავარდნას თბილისის მერია 26 აგვისტოს უხვი ნალექის მოსვლით ხსნიდა. კალაძემ შესრულებულ სამუშაოებსა და საპროექტო დოკუმენტაციაზე მოკვლევის დაწყება შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა.

კომენტარები