თბილისის მერია

მერია ამტკიცებს, რომ გლდანში ახალრეაბილიტირებული ქუჩა უხვი ნალექის გამო ჩაინგრა

IPN

თბილისის მერია ამტკიცებს, რომ გლდანში ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩა უხვი ნალექის გამო ჩაინგრა. 

"როგორც ვიცით, ახლახანს დასრულდა ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარეობდა დაექსპერტებული პროექტის მიხედვით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით შექმნა რამდენიმე რაიონში პრობლემა - მათ შორის იყო ხიზანიშვილის ქუჩა. კერძოდ, უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე ქსელების გადავსება მოხდა, რაც, პირველადი მონაცემებით, ამ დაზიანების გამომწვევი მიზეზია." –თქვა ირაკლი ბენდელიანმა. 

მისივე თქმით, მსგავსი სახის პრობლემა რამდენიმე ლოკაციაზეა და "საჭიროების შემთხვევაში, იქაც შეიძლება მოგვიწიოს ლოკალური ჩარევა." 

თბილისის მერის, კახა კალაძის კითხვაზე, აქვს თუ არა პრობლემა შესრულებულ სამუშაოებს, ბენდელიანი პასუხობს, რომ სამუშაოები დაექსპერტებული პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა. 

კახა კალაძემ შესრულებულ სამუშაოებსა და საპროექტო დოკუმენტაციაზე მოკვლევის დაწყება შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა.

კომენტარები