არჩევნები 2020

ელისაშვილი: პარლამენტში მარტო შესვლას არ გამოვრიცხავთ, რა ფასად შევალთ, ამაზეა ლაპარაკი

"არც მაგის შეგვეშინდება, თუ ასე იქნება... არც მაგას გამოვრიცხავთ". – ასე პასუხობს მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი რუსთავი 2-ის კითხვას, შეიძლება თუ არა, მისი პარტია პარლამენტში მარტო, სხვა ოპოზიციური პარტიების გარეშე შევიდეს.

"იქ შეთანხმებას უნდა მოვაწეროთ ხელი, რომელიც ელჩებთან არის და რომელიც დაპაუზდა არაერთი და რამდენიმე პოლიტიკოსის გამო. დიახ, საარჩევნო სისტემის ცვლილების შეთანხმებას. ისე აბაიბურებენ ამას და ისე აიაფებენ, თითქოს ეს არის რაღაცა, რომელიც ისედაც შესაძლებელია. თითქოს საარჩევნო სისტემის შეცვლა და ცესკოს დაკომპლექტების წესი რა დიდი ამბავია". – თქვა ელისაშვილმა.

პარტია მოქალაქეების ლიდერის განცხადებით, პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე არ არის საქმე, "ფასს გააჩნია, რა ფასად შევალთ ჩვენ იქ, ამაზეა ლაპარაკი".

რუსთავი 2-მა ალეკო ელისაშვილს ჰკითხა, მხოლოდ მას და ლევან იოსელიანს რა ძალა აქვთ პარლამენტში იმისთვის, რომ რეალური ცვლილებები მოიტანოს საარჩევნო სისტემის მიმართულებით, საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე.

"მე მიმაჩნია, რამდენსაც ერთი კაცი ვახერხებდი, იმდენს ვცდილობდი და ვახერხებდი, რამდენსაც ორი შევძლებთ, ორი შევძლებთ და ღვთის წყალობით, მაგარი მოტივირებული და ძაან ენერგიული გუნდი გვყავს, ამ ქვეყანას რომ სჭირდება, ისეთ პარტიას ვაშენებთ". –ამბობს ელისაშვილი.

კითხვაზე, რას შეცვლის ქმედითად პარლამენტში, მოქალაქეების ლიდერი იმეორებს, რომ "უნდა შევცვალოთ საარჩევნო სისტემა". რუსთავი 2-ის წამყვანმა ელისაშვილს შეახსენა, რომ ის და ლევან იოსელიანი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საკმარისი არ არიან.

"ხოდა, სხვებიც არიან, სხვებსაც ხომ უნდათ იმ პარლამენტში შესვლა ეს ოხერი, ყველას უნდა, უბრალოდ, პირველი ნაბიჯი ვერავინ გაბედა". – ამბობს ელისაშვილი.

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსგირჩის სამ და პატრიოტთა ალიანსის ერთ წევრს არ მიუმართავს.

ორი კვირის წინ პარტია მოქალაქეების ერთერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობდა, რომ მხოლოდ მისი და ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლას აზრი არ ექნება. 

"მე და ალეკო რომ მარტო შევიდეთ, ეს ხომ სისულელე იქნება, რა უნდა გავაკეთოთ ორმა კაცმა? იმას თავი დავანებოთ, რომ მთელი საქართველოსთვის გაუგებარი იქნება, მაგრამ, ვთქვათ, შევედით, რა უნდა გავაკეთოთ, რას შევცვლით? ვერაფერს.

ამიტომ, ჩვენი ამოცანა პარლამენტში შესვლა კი არ არის, ჩვენი ამოცანაა, მოლაპარაკების პროცესი გადავარჩინოთ" - აცხადებდა მაშინ იოსელიანი.

კომენტარები