მე-10 მოწვევის პარლამენტი

ზალკალიანი: რთულია გაერთიანებულ პლატფორმაზე ესაუბრო მას, ვისაც ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს

დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა სამინისტრო

"ძალიან რთულია, გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული" – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, დავით ზალკალიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას კავკასიური მშვიდობის პლატფორმის შექმნის შესახებ. ზალკალიანის თქმით, პრეზიდენტის სიტყვები არასწორად იყო გაგებული და საქართველოსთვის დიალოგის წითელი ხაზი ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე გადის.

"განცხადება არამც და არამც არ იყო გამოხმაურება იმ ინიციატივაზე, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა. სანამ გაჟღერდებოდა მსგავსი ინიციატივა, საქართველოს პრეზიდენტს მანამდეც არაერთხელ უთქვამს და ჩვენს გვითქვამს. შეგახსენებთ უშიშროების საბჭოს ბოლო შეხვედრას, როცა იქიდან გამოსული, ყველა ერთხმად აღვნიშნავდით, რომ ჩვენ თბილისს ვთავაზობდით პლატფორმად ჩვენს პარტნიორებს, მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, იმისთვის, რომ მათ თბილისში ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომელიც ორი ქვეყნის წინაშე არის. სწორედ ეს ჰქონდა მას მხედველობაში, რომ საქართველო მუდმივად იყოს ავანგარდში სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. ეს იყო მისი იდეა.

[...] სამხრეთ კავკასიაში, ამ დიდ პლატფორმაში ოკუპანტ ძალასთან ერთად მშვიდობაზე გაგვიჭირდება საუბარი. ძალიან რთულია გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული. ამიტომ არაერთხელ განგვიცხადებია, საქართველო არის მომხრე პირდაპირი დიალოგის, მშვიდობის, რომ რეგიონში დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ, მაგრამ წითელი ხაზი გადის საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის აღიარებაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". – თქვა ზალკალიანმა.

11 დეკემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კავკასიაში მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით ახალი მიდგომაა საჭირო და, რომ საჭიროა საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის "ძრავამ და გამაერთიანებელმა".

"ამისთვის შესაძლებელია, ვიფიქროთ კავკასიური მშვიდობის პლატფორმის იდეაზე, რომელიც შეკრებს კავკასიის ქვეყნებს, გარე აქტორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასეთი პლატფორმა ხელს შეუწყობს ერთობლივი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების წარდგენასა და განხორციელებას. გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს, შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის ჰაბის როლი". – თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელიც. "ამ "მშვიდობის დაბრუნებას" რუსული ჯარები ასრულებენ. რატომ უნდა საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს ხმა ეძლევათ თქვენს რეგიონალურ საქმეებში?" – წერს კელი.

კომენტარები