იან კელი

კელი ზურაბიშვილზე: რატომ უნდა იმ პლატფორმის წახალისება, რითაც რეგიონში რუსეთს ხმა ეძლევა?

იან კელი
Agenda

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი, გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამმხრივი შეთანხმებით დასრულებაზე, რომლითაც რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.

"ამ "მშვიდობის დაბრუნებას" რუსული ჯარები ასრულებენ. რატომ უნდა საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს ხმა ეძლევათ თქვენს რეგიონალურ საქმეებში?" – წერს კელი.

იან კელიმ Twitter-ზე ასევე გააზიარა სალომე ზურაბიშვილის განცხადება.

"მეორე გამოწვევა ამ წლის იყო კონფლიქტი ჩვენ რეგიონში - ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზე არის დამოკიდებული - მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზანის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორები, ყველა, ჩვენს გარდა და ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი". – თქვა ზურაბიშვილმა თავის Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

იან კელი 10 ნოემბერსაც გამოეხმაურა მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე ზურაბიშვილის განცხადებას, როდესაც პრეზიდენტმა მთიანი ყარაბაღის ომში ფასილიტატორ რუსეთს მადლობა გადაუხადა.

"როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამტკიცებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?" - წერდა კელი.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კავკასიაში მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით ახალი მიდგომაა საჭირო და, რომ საჭიროა საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის "ძრავამ და გამაერთიანებელმა".

"ამისთვის შესაძლებელია, ვიფიქროთ კავკასიური მშვიდობის პლატფორმის იდეაზე, რომელიც შეკრებს კავკასიის ქვეყნებს, გარე აქტორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასეთი პლატფორმა ხელს შეუწყობს ერთობლივი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების წარდგენასა და განხორციელებას. გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს, შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის ჰაბის როლი". – თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები