აშშ-ჩინეთი

აშშ Zoom-ის თანამშრომელს ბრალს სდებს ჩინეთის თიენანმენის ჟლეტაზე შეხვედრის ჩაშლისთვის

Stand News

18 დეკემბერს ამერიკელმა პროკურორებმა ბრალი წარუდგინეს ჩინეთში მყოფ Zoom-ის ყოფილ თანამშრომელს, სინძიანგ ძინს, იგივე ჯულიენ ძინს, რომელიც ჩინეთის მთავრობის მოთხოვნით, ხელს უშლიდა იმ ვიდეოშეხვედრებს, სადაც პეკინის თიენანმენის ჟლეტის 31-ე წლისთავს იხსენებდნენ. როგორც ირკვევა, ის მომხმარებლების, მათ შორის, ზოგი აშშ-ში მყოფი მომხმარებლის პირად ინფორმაციას უგზავნიდა ჩინეთის მთავრობას. 

მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუ  დამნაშავედ ცნობენ 2019 წლის იანვრიდან შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, რომლითაც მისი კომპანიის სისტემები ცენზურის დასაწესებლად გამოიყენა. ძინი ჩინეთში ცხოვრობს.

პროკურორების თქმით, პროგრამული ინჟინერი, Zoom-ის მთავარი მეკავშირე ჩინეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და დაზვერვის სამსახურთან მონაწილეობდა მინიმუმ ოთხი ვიდეოშეხვედრის ჩაშლაში მაისიდან ივნისამდე, მათ შორის რამდენიმე ვიდეო შეხვედრაში მონაწილეობდნენ დისიდენტები, რომლებიც 1989 წლის 4 ივნისს თიენანმენის ჟლეტას გადაურჩნენ.

პროკურორებმა ასევე განაცხადეს, რომ მისმა თანამზრახველებმა შექმნეს ყალბი იმეილების ანგარიშები და Zoom-ის ანგარიშები, მათ შორის დისიდენტების სახელებით, რათა წარმოდგენა შეექმნათ, რომ თითქოს შეხვედრის მასპინძლები და მონაწილეები მხარს უჭერდნენ ტერორიზმს, ძალადობას, ბავშვთა პორნოგრაფიას.

განცხადების თანახმად, ჩინეთის ხელისუფლებამ "ისარგებლა ძინის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მონაწილეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ჩინეთში [ან მათი ოჯახის წევრებისთვის] სამაგიეროს გადასახდელად და დასაშინებლად".

Zoom-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ძინი სამსახურიდან გაათავისუფლეს კომპანიის პოლიტიკის დარღვევისთვის, ასევე სხვა თანამშრომლები  დროებით დაითხოვეს. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ არანაირი მითითება არსებობს იმაზე, რომ კომპანიის მონაცემები ჩინეთის მთავრობას გაუზიარეს.

ძინის მოქმედებები დაეხმარა ჩინეთის ხელისუფლებას, "რომ ცენზურა დაედო და დაესაჯა აშშ-ს მომხმარებლების პოლიტიკური სიტყვით გამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი გამოხატვის უფლების გამოყენებისათვის". - თქვა ბრუკლინში აშშ-ს პროკურორმა, სეთ დუჩარმა.

აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლები, მკვლევარები ამერიკულ კომპანიებს, რომლებსაც ჩინეთში მყოფი თანამშრომლები ჰყავთ, აფრთხილებდნენ, რომ ჩინეთის მთავრობას შესაძლოა, მათგან ინფორმაციის გამოთხოვა მოეთხოვა.

ჩინური კანონებით, ჩინურ კომპანიები ვალდებულები არიან საჭიროების შემთხვევაში მთავრობასთან ითანამშრომლონ.

Zoom-ს 400 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული ჩინეთში, მათ შორის ზოგი კვლევისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობს. სწორედ ამიტომ შიშობდნენ ჩინეთის მხრიდან ცენზურასა და მეთვალყურეობაზე.

2020 წლის 4 ივნისს თიენანმენის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წელს პეკინში თიანმენის მოედანზე სტუდენტებმა ფართომასშტაბიანი პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქებში გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაარბია, რასაც ოფიციალური მონაცემებით, ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით, რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კონტინენტურ ჩინეთში თიენანმენის ჟლეტა ტაბუდადებული თემაა და ამ საკითხთან დაკავშირებულ ყველა ამბავსა თუ სიმბოლოს ცენზურა ადევს. ამ თემაზე ინფორმაციის გამავრცელებლები კი, შესაძლოა, ჩინეთის მთავრობამ დასაჯოს.

კომენტარები