კორონავირუსი საქართველოში

"თუ WHO-ს მიერ იქნება აღიარებული, რატომაც არა" – პაატა იმნაძე რუსულ ვაქცინაზე

საქართველოს მთავრობა

პაატა იმნაძე საქართველოში  რუსული ვაქცინის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ თუ ის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული შეიძლება, რომ იყოს გამოყენებული, თუმცა მისივე თქმით, მანამდე რიგში სხვა ვაქცინებია. 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის  მოადგილემ რუსთავი 2 - ის ეთერში თქვა. 

"თუ ის იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, რატომაც არა, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი არაა, თუ იქნება აღიარებული, ისმის კითხვა, რატომ არა, მაგრამ მანამდე სხვებია რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაც​იაში, ასტრაზენეკას ვაქცინა, მშვენიერი ვაქცინაა ჩინური სინოვაკი, ისაა ყველაზე მეტად გამოყენებული, მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი". - ამბობს იმნაძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების ნდობა, იმნაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი კვლევის თანახმად, საქართველოში საკმაო რაოდენობის ადამიანი აპირებს ვაქცინაციას. 

როგორც იმნაძემ თქვა, როცა მას ვაქცინაციის საშუალება მიეცემა, ის ამას მედიის თანდასწრებით გააკეთებს. 

22 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 21 2526 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 188 408 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 182 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები