ცემა - 100 ლარი, წყევლა - 100 მეტანია

არქიმანდრიტი ბართლომე
სამღვდელო პირებს თვითნებური წყევლის უფლება არ აქვთ, მაშინაც კი, როცა მათ ამისაკენ ეკლესიისა და ქვეყნის დაცვის სურვილი უბიძგებთ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაიშვილის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის დაწყევლასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებიდან ხდება ნათელი, არქიმანდრიტ ბართლომეს მთავარი შეცდომა უფლის სასაჯელის დაჩქარების მცდელობაა, თორემ ცილისმწამებელნი და ღვთისა და ქვეყნის მოღალატენი რომ დაუსჯელნი არ დარჩებიან ამაში ეჭვი არც ზეციური კანცელარიის მიწერ წარმომადგენლებს შეაქვთ.

საპატრიარქო ფერისცვალების მამათა მონასტრიდან მოვლენილ ამ თვითნებობას სერიოზულ დარღვევად მიიჩნევს, რის გამოც შემცოდე სასულიერო პირის მიმართ ისეთი სერიოზული საეკლესიო სანქცია გამოიყენა, როგოირც ეპიტიმიაა! ეს უმძიმესი სასჯელი შეიძლება გულისხმობდეს ლოცვის გაძლიერებას, მარხვას, 100 მეტანიას და იმ ათასგვარ ფანტაზიას, რომელიც მწყემსებს თავში მოუვათ.

ანუ არც არაფერს მამა ბართლომესთვის და ძალიან ბევრს მედიის იმ ნაწილისთვის, რომელსაც ყველა ბერძნული სიტყვა რაღაც სერიოზულის აღმნიშვნელი ჰგონია.

„წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგის,წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!..." - წერდა არქიმანდრიტი Facebook-გვერდზე, რომელიც ამ დრომდე არ წაუშლია.


მიუხედავად იმისა, რომ ეს მაღალღირსი მამის მხრიდან წყევლა-კრულვის პირველი შემთხვევა არ არის, არც უკანასკნელი იქნება და ზოგადად, მარადის გაყვება ვისაც მოხვდება, მცხეთა-თბილისის უწმინდესმა საყდარმა საჭიროდ არ ჩათვალა მის მიმართ უფრო რადიკალური ზომების მიღება, - როგორიცაა მღვდელმოქმედების შეჩერება ან განკვეთა.

თუმცა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რა ფანტასტიკაა ქორეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილის მიერ ბართლომე ფირცხალაიშვილის განკვეთა მიხეილ სააკაშვილის წყევლისთვის და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ეს კიდევ უფრო თმების მოწეწვამდე სასაცილო იქნებოდა, ვიდრე აგერ ახლახან, მეუფე თადეოზისა და ვახტანგის მიერ სინოდის სხდომის იმ ოქმზე ხელმოწერა იყო, რომელმაც მრუშობისთვის მღვდელი იაკობ აბაშიძე განაყენა.

"ყველა დეპუტატს ვწყევლი რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანონს. თავი მათ მხრებზე წყეული იყოს, მხრები მკერდზე, მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეული იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული. მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი იყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, სახელურთ მათ. ამინ" - წერდა არქიმანდრიტი ბართლომე რელიგიის შესახებ კანონის მიღების შემდეგ და იმ დეპუტატებს წყევლიდა, რომელთაც პრივილეგიები არა, მაგრამ რელიგიურ ჯგუფებს საპატრიარქოსთან თანასწორი სტატუსი მისცეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ყველას ბარძაყი მყარად აზის თავთავიანთ მუხლს, მაგრამ დაელოდეთო, უწმინდესმა საყდარმა.

არავისთვის არის დასამალი, რომ არქიმანდრიტი ბართლომე ხშირად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერ აქციებში, ღიად აგიტირებდა და აგიტირებს ქართული ოცნების სასარგებლოდ, რითაც არღვევდა და არღვევს სინოდის დადგენილებას სასულიერო პირთა საჯარო მიუმხრობლობის შესახებ. თუმცა მის უწმინდესობას დაქვემდებარებულმა საეკლესიო აპარატმა არც ამისთვის შეჰკადრა მამა არქიმანდრიტს მძიმე სასჯელი.

იმიტომ, რომ ისედაც ყველა არღვევს, პირველ რიგში კი თავად საქართველოს საპატრიარქო, -პატრიარქის ვიკარი, კოლექტიური „მამატარიელი", ყველა... მას შემდეგ რაც წინასაარჩევნო პერიოდში სინოდმა ეს დადგენილება მიიღო, დავრწმუნდი, რომ არსებობენ ინსტიტუტები, რომელთაც იმდენად სძულთ წესები და წესრიგი, რომ ახალ-ახალს ადგენენ, იმისთვის რომ ისინი ხელახლა დაარღვიონ. ამ მეორედ მიღებული პოლიტიკური მიუმხრობლობის შემთხვევაშიც ასე მოხდა - მიიღეს, იმისთვის რომ დაერღვიათ.

რასაკვირველია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დეკლარირებაც საჭიროა, იმიტომ რომ „მიშისტების" ხურდაც ხმაურით ვარდება მსწრაფლშემსმენელი ხატის წინ განთავსებული ყულაბის ფსკერზე, მაგრამ ყველამ კარგად იცის, განსაკუთრებით მესამე წრის მაგებმა, რომ ჩვენი მედია დეკლარირებულსა და გაკეთებულს შორის თანმიმდევრობას არ გაყვება. არც არავინ იქნება მხილებული და შესაბამისად, დასასჯელი. საზოგადოების თვალში კი, უკვე პირდაპირი არითმეტიკული მნიშვნელობით ცხრაკეისარგამონაცვალი კათალიკოსიც შუაშისტად დარჩება.

ვუდუ-მართლმადიდებლობის ამგვარი ველური ღვარცოფი რასაკვირველია ხელს აძლევს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც დიდი ხანია ყელში ამოუვიდა საქართველოს საპატრიარქოში არსებული და ჩვენზე გადმოღვრილი სიბნელე. რაც მეტი წყევლა-კრულვა, რაც მეტი მეუფე იაკობი და იობი, მით უკეთესი.

ამ უკანასკნელთ რა თქმა უნდა ერთი დიდი აფეთქების მოწყობა შეუძლიათ. შეუძლიათ ერთბაშად დიდი ბუღი დააყენონ და ქვეყანა შეიწირონ. მაგრამ გრძელვადიან პროცესში ისინი მხოლოდ სასარგებლო მავნებლები არიან, რომლებიც საბჭოთა დიპლომატიურ ტალანტს მოკლებულნი, ვერ დამალავენ იმიტატიური მაგიისა და ფუფუნებისკენ სწრაფვის ვნებას. შესაბამისად მიუმხრობელი სამეფოს აშენებასაც ვერ შეძლებენ, სადაც კერპად იქცევიან. არქიმანდრიტი ბართლომესთვის კი ეპისკოპოსობაც მემეტება.

კომენტარები