მთლიანი შიდა პროდუქტის მოსაწყენი გათვლები და გასაკეთებელი არჩევანი

გაზეთებში შეგიძლიათ ნახოთ, რომ საქართველოს მშპ/სულზე არის 2900 დოლარი, და მეორე დღეს ასევე გაიგოთ, რომ ეს მაჩვენებელი 4400 დოლარია. იტყუებიან? არა. ეს დათვლის ორი გზაა. პირველი - ითვლიან მშპ-ს საბაზრო ფასებში - თუ ვაწარმოეთ 10 000 ტონა ვაშლი და დაახლოებით 10 ცენტად გავყიდეთ - ეს არის 1 მილიონი დოლარის წვლილი მშპ-ში. მეორე გზა - თუ ვაშლი მსოფლიოში ღირს 30 ცენტი /კილო, მაშინ ჩვენ 3 მილიონი დოლარის ვაშლი შეგვიჭამია. ასეთ დათვლას ჰქვია PPP (purchase power parity)-based ანუ მსყიდველობისუნარიანობის თანაბრობაზე დაფუძნებული, და უფრო რეალურად ასახავს დოვლათს. ასე დათვლილი ჩვენი მშპ/სულზე დაახლოებით 4400 დოლარია (ყველგან გამოყენებულია დაზვერვის ცენტრალური სამსახურის მონაცემები). 

ბევრია ეს თუ ცოტაა?

ცოტაა. ამ მაჩვენებლით ვართ 149-ე ადგილას მსოფლიოში - დიდი ვერაფერი შედეგია. ცოტათი ჩამოვრჩებით სირიას და მაროკოს, და ცოტათი ვუსწრებთ ჰონდურასს და პარაგვაის. მნიშვნელოვნად ვუსწრებთ რამდენიმე ათეულ ღარიბ და უღარიბეს ქვეყანას. უფრო შეძლებულები ვართ, ვიდრე ინდოელები, პაკისტანელები, კამერუნელები და მოლდოველები. სამჯერ ვუსწრებთ გამბიელებს და ჰაიტელებს, ოთხჯერ ბირმელებს, ხუთჯერ ეთიოპიელებს, და ოცჯერ ზიმბაბველებს. თუმცა ზიმბაბველებს ყველა უსწრებს. საწყლები!

ჩამოვრჩებით 148 ქვეყანას, მაგრამ აქედან დაახლოებით ჩვენს დონეზე ან ცოტათი წინ არიან ნაურუ და გვატემალა, ალჟირი და ჩინეთი, ალბანეთი და ეგვიპტე. ჩვენზე სამჯერ უფრო შეძლებულია - ბოტსვანა, მექსიკა, გაბონი, და ხუთჯერ შეძლებულია ტრინიდადი და ტობაგო, მალტა და ომანი, შვიდჯერ ტაივანი, ბაჰამა და იტალია, ათჯერ კაიმანის კუნძულები, აშშ, ფარერის კუნძულები. დიახ, ჩვენგან ფეხბურთში დამარცხებული ფარერის კუნძულები ერთ სულზე სიმდიდრით მსოფლიოში მეათე ადგილზე არიან და ჩვენ ათჯერ გვისწრებენ.

მოკლედ, ბოლოში მივჩანჩალებთ. თუმცა წინსვლის შანსი გვაქვს. 2003-2007 წლებში მსოფლიო ეკონომიკა გაიზარდა წლიურად დაახლოებით 5 %-ით, ქართული კი დაახლოებით 10%-ით. და წინ დაახლოებით 20 ადგილით წავიწიეთ.
ახალი დანიშნული ვიყავი მინისტრად, და სატელევიზიო გადაცემის შემდეგ სხვა მონაწილეებთან (პარლამენტის წევრები სხვადასხვა ფრაქციიდან) ერთად სავახშმოდ წავედით. ჩამოვარდა საუბარი, როდის ვიქნებით ევროპასავით. მე ვუთხარი, წლევანდელივით თუ 6%-ით გავიზარდეთ, 70 წელი გვჭირდება-მეთქი. ამან დიდი ალიაქოთი გამოიწვია, და ერთ-ერთმა დეპუტატმა მითხრა - ვარიანტი არ არის, მაქსიმუმ სამი წელიო.

ამაზე მე გულუბრყვილოდ დავუწყე ახსნა, რომ დათვლა ძალიან მარტივია, ზრდის სიჩქარეების განსხვავება ხარისხში აგყავს და როგორც კი ეს ვთქვი, ეგრევე სიჩუმე ჩამოვარდა. ხარისხში აყვანა ძალიან დამაჯერებლად ჟღერდა.
უცბად ერთ-ერთი მათგანი ჩემკენ გადმოიწია, და ჩურჩულით მკითხა: “ბატონო კახა, პრეზიდენტმა თუ იცის ეს ამბავიო?”

ჩათვალა, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოა, რომ სამ წელიწადში ვერ დავეწევით ევროპას.

მაშ რამდენში?

ბევრი თვლის, რომ რაღაცნაირად შეიძლება გადავხტეთ. ეხლა ვართ ღარიბები, და მერე უცბად რაღაცნაირად გავმდიდრდით. ალბათ ლატარიაში მოვიგებთ.

მაგრამ მაგ ლატარიას არავინ ატარებს. ასე რომ, მხოლოდ ერთი გზაა - ჩვენ ყოველწლიურად უფრო მეტად უნდა გავიზარდოთ, ვიდრე სხვა ქვეყნები. ღვთის წყალობით, შეცდომებს ეკონომიკაში ვუშვებთ არა მარტო ჩვენ, არამედ სხვა ქვეყნებიც.

იაპონური სასწაული მდგომარეობდა იმაში, რომ დაბალი გადასახადების პირობებში იაპონია იზრდებოდა 10%-ით 10 წლის განმავლობაში, 5%-ით შემდეგი 10 წლის განმავლობაში, და 3%-ით - კიდევ ათი წელი. მერე აღარ იზრდება.

აზიური ვეფხვები - ტაივანი, ჰონკონგი, სინგაპური, სამხრეთ კორეა - 25 წელი იზრდებოდნენ დაახლოებით 7 %-ით წელიწადში.

ომისწინა ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ წლიურ 10%-იან ზრდას.

ჩინეთი ასე იზრდება ბოლო 30 წელი.

რა გამოვა, ჩვენც რომ 30 წელი ასე ვიაროთ. 10%-იანი წლიური ზრდით?
2015 წელს ნამიბიის დღევანდელ დონეს გავუსწრებთ (მაგრამ განა ეს საკადრისია? რაღაც აფრიკულ ქვეყანას გვადარებენ?).
2017 პალაუს და ბელიზს (ამ მთავრობამ სირცხვილი დაკარგა, პალაუ და ბელიზი გვინდა?).
2021 კოსტა-რიკას (ბენდუქიძე იუდა!).
2026 - ბარბადოსს და უნგრეთს ( სად იყვნენ მაგენი, ჩვენ რომ უკვე რუსთაველი გვყავდა).
2029 - ომანს და ჩეხეთს (ისევ არაბები! რისთვის იბრძოდა მაშინ დავით აღმაშენებელი?).
2034 - ვუსწრებთ დღევანდელ ავსტრიას და ვუახლოვდებით შვეიცარიას (აქ რა უნდა თქვან, ვერ მოვიფიქრე).
2036 - დღევანდელ სინგაპურზე მდიდრები ვხდებით (გამოტყდა ბენდუქიძე, რომ ევროპაში არ უნდა. მაგენი ხეებზე ისხდნენ, როცა ჩვენ სახარებას ვკითხულობდით).

აირჩიეთ, როგორი ზრდა გინდათ? იცოდეთ:
წელიწადში 12% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს.
წელიწადში 10% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის
წელიწადში 7% - 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში.
წელიწადში 4% - 2040 წელს ვიქნებით ბანძები.
წელიწადში 2% - 2040 წელს არ ვიქნებით.
არაფერი არ ვიქნებით.

ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი

კომენტარები