კორონავირუსი გერმანიაში

ბერლინში Covid-19-ის გამო დახურული რესტორანი უსახლკაროებისათვის გაიხსნა

კორონავირუსის გავრცელების გამო გერმანიაში შეზღუდვები ხელახლა გაამკაცრეს. შედეგად დაიხურა არაერთი რესტორანი, მათ შორის ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესტორანი Hofbraeu.

რესტორნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც თავშესაფარში მოხალისედ მუშაობდა, მეპატრონეებს შესთავაზა რესტორანში უსახლკაროებს მომსახურებოდნენ.

პროექტი ქალაქის მთავრობასთან ერთად ორმა საქველმოქმედო ორგანიზაციამაც დააფინანსა და შედეგად დღეში 150-ზე მეტ უსახლკარო ადამიანს საკვებით უმასპინძლდებიან.

რესტორანში მათ საშუალება აქვთ, მიიღონ ახალი ტანისამოსი და კონსულტაციაც.

როგორც რესტორნის მენეჯერი Associated Press-თან საუბარში ამბობს, მათ სურთ, უსახლკარო ადამიანებს შესთავაზონ უფასო სასადილოებისაგან განსხვავებული, უფრო მრავალფეროვანი საკვები, რომელიც შობის დღესასწაულის სუფრის სტილში იქნება.

ამჟამად ბერლინის თავშესაფრებში 34 000-მდე ადამიანი იმყოფება. ვარაუდობენ, რომ ქუჩაში კვლავ რჩება 2-დან 12 000-მდე პირი, რომელსაც თავშესაფარი არ აქვს.

გერმანიაში ე.წ. საყოველთაო ლოქდაუნი გამოცხადდა, დაიხურა კაფე-ბარები, რესტორნები, ტანსაცმლისა და სხვა პროდუქციის მაღაზიები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ახალი მკაცრი ზომები 10 იანვრამდე იმოქმედებს. 

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების სულ 1 438 438 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 047 600 ადამიანი, გარდაიცვალა - 25 165.

ამავე თემაზე:

კომენტარები