კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, ტემპების შეჩერება

დღეს ჩვენ შეგვიძლია როგორც გარდამავალი შედეგი, განვაცხადოთ, რომ ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ მიუხედავად ტესტირების პრინციპულად გაზრდილი რაოდენობისა, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურია. 

უფრო მეტიც, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, 17 000-ზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 000-ზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ მიზანი გახლავთ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც ჩვენ მოვახერხეთ.  

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იყოს, პირველ რიგში, პასუხისმგებლიანი და გონივრული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გარდამავალი მცირედი მიღწევა, პირველ რიგში, შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ ხანდაზმულებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადების მატარებლებს.

ამბობს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გახარია მთავრობის სხდომის დაწყებამდე. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 2 981 ადამიანი დაინფიცირდა, 31 კი გარდაიცვალა. 17 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 201 368 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 169 282 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 953 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები