ამნისტია

რას ითვალისწინებს ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების ინიციატივა

http://www.brodenmickelsen.com

ქართულ ოცნებას პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეაქვს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაული. ამნისტია არ შეეხება მკვლელობასა და ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულებს.

"ინიციატივა გულისხმობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტით გათვალისწინებული იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, სასჯელისგან გათავისუფლებისთვის სავალდებულო წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ხოლო ცალკეულ შეთხვევებში - დაზარალებულის თანხმობა.

ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია ასევე წინაპირობად ნასამართლობის არქონა. ასევე, გათვალისწინებულია ხანდაზმული, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის ჯარიმისგან პირთა გათავისუფლება". – განაცხადა სარჯველაძემ.

ამნისტიას დაექვემდებარება ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების სხვადასხვა კატეგორიები, ნარკოდანაშაული (გასაღების გარდა) და სხვ. ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

"ვხსნით კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის მიმდინარეობის პროცესშიც შესაძლებელი იქნება განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა მისაღები კანონის საბოლოო რედაქციის შესამუშავებლად". – თქვა სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას არ დავიწყებია ის ადამიანები, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა.

"ისინი 15, 20, 25 წელია, სასჯელს იხდიან. სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ნარკოტიკის გასაღება) მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა და დღეს, ასეთი სამი პირი იხდის სასჯელს საქართველოში, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით და ამის შემდგომ მათ ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გაუმჯობესებული, შედარებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობის საშუალება". – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები